მოქმედი მთავრობის ბოლო, დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნებისწინა განცხადება გააკეთა. პრემიერი დარწმუნებულია, რომ 9 ოქტომბერს ქვეყანა უკეთეს საქართველოში იცხოვრებს.
"სულ რამდენიმე საათი გვაშორებს 8 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები. ეს არჩევნები ნამდვილად არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული საქართველოს მომავლისთვის. პირველ რიგში, მინდა, მოვუწოდო ყველა ამომრჩეველს, რომ აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს საქართველოს უკეთეს მომავალს და საქართველოს ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ 9 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა იცხოვრებს უკეთეს საქართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერმინისტრმა სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს მოუწოდა, რომ უწყებამ უზრუნველყოს წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო.
პრემიერმა ენმ-ის წევრ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტიც გაიხსენა.
"ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო თანაბარი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც იყო მართლაც უპრეცედენტო და ეს იყოს აღნიშნული ყველა ჩვენი მეგობრის მიერ. თუ არ ჩავთვლით იმ ძალიან სამწუხარო ფაქტს, რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს უმკაცრესად, ვინაიდან ეს იყო ნამდვილად სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში წინასაარჩევნო გარემოს ჩრდილი ვერ მიადგება", - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ არჩევნები მშვიდად ჩაივლის.





