ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ სერგი კაპანაძის მოსაზრებით, გივი თარგამაძეზე განხორციელებული ტერაქტი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია და პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება. მისივე თქმით, მომხდარზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს სამარცხვინო რეაქციები ჰქონდათ.
"სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიმართ ტერორისტული აქტი განხორციელდა, რის შედეგადაც უდანაშაულო ადამიანები დაზარალდნენ და დიდი იმედი მაქვს, ისინი გამოჯანმრთელდებიან.
ჩემი აზრით, გუშინდელი ტერორისტული აქტი, სამი დღის წინ ოქრუაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა, ახალგაზრდის მკვლელობა ოცნების კონცერტზე და ყველა ძალადობის აქტები, შედეგია იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის, რომელიც დღეს ივანიშვილს და ქართულ ოცნებას გააჩნია. ის, რომ ქუჩაში კლავენ ახალგაზრდებს კალაშნიკოვით, შუა ვაკეში მიმდინარეობს სროლა და კლავენ ადამიანს, კოლმეურნეობის მოედანზე დეპუტატს აფეთქებენ, ეს ყველაფერი ნათელს ფენს, თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანა.
რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლებას სამარცხვინო რეაქციები ჰქონდა - თავად გივიზე დაბრალება, თითქოს ინსცენირება მოახდინა და მერე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნაციონალურმა მოძრაობამ ან საქართველოს გარეთ მყოფმა ადამიანებმა გააკეთეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გზა აარჩია ხელისუფლებამ. კრიმინალი და დესტაბილიზაცია მალე დასრულდება. 8 ოქტომბერს, დარწმუნებული ვარ, წერტილს ჩვენ დავუსვამთ", - თქვა სერგი კაპანაძემ.
დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა გუშინ სცადეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა დაწყებული.





