არჩევნები 2016

შსს: დიდ ნეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ენმ-ის ორ წევრს ბრალი წარვუდგინეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სოფელ დიდ ნეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორ წევრს ბრალი წარუდგინეს.

„შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდ ნეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორ წევრს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა), ბრალი წარუდგინეს და პასუხისგებაში მისცეს", - აცხადებენ შსს-ში.

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდ ნეძში ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის დაპირისპირება 1 ოქტომბერს მოხდა. ქართული ოცნების ინფორმაციით, მათი ახალგაზრდული ფრთის სამ წევრს ენმ-ის აქტივისტებმა სცემეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი, ფაქტს "კარგად დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს. 

ქართული ოცნების ინფორმაციით, მათი ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, "რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ". ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცნობით კი, მათი პარტიის შტაბის უფროსს პაპუნა კუკავას, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, ენმ-ის ცნობით, კუკავა ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ქართული ოცნების 20-მდე მხარდამჭერმა ქუჩა გადაკეტა. ოპოზიციის ინფორმაციით, კუკავამ მათ გატარება სთხოვა, რასაც ქართული ოცნების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.
 

"ხმაურზე კუკავას მეზობლები გამოვიდნენ. ორმხრივ ჩხუბში დაზიანდა ენმ-ის მხარდამჭერის ავტომობილი. პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა ნაციონალური მოძრაობის დიდი ნეძის შტაბის უფროსი პაპუნა კუკავა და მისი მეზობელი მანუჩარ ქირია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართული ოცნების მხრიდან, რომელსაც ხელმძღვანელობს გუბერნატორი ლევან შონია, ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ედიშერ თოლორაია და ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია. ასეთი აგრესიული ქმედება ახასიათებს ქართულ ოცნებას, ისინი გრძნობენ, რომ ზუგდიდში პირწმინდად წაგებული აქვთ არჩევნები და პროვოკაციული მოქმედებებით ცდილობენ შეინარჩუნონ ხელისუფლება, რაც მათ არ გამოუვათ", - აცხადებს ენმ.

კომენტარები