ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქართუ ბანკისგან ერთი მილიონი ლარი ისესხა. სესხების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.
ქართული ოცნების სესხი ოთხთვიანია, მისი საპროცენტო განაკვეთი კი 11%-ია. ბანკმა პარტიისგან უზრუნველყოფის სახით საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიღო. ამ მუხლის მიხედვით, პარტიას, რომელიც არჩევნებში 10%-ს ან მეტს აიღებს, ერთი მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 31 აგვისტოდან 20 სექტემბრის შუალედში ქართულმა ოცნებამ 6.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.