არჩევნები 2016

ენმ: "ოცნების" აქტივისტებმა ჩვენს აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ირმა ნადირაშვილი
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მედიამდივნის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში ქართული ოცნების აქტივისტებმა ენმ-ის აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, ეს ზუსტად იმ წუთებში მოხდა, როცა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს მართავდა.

"როცა ოცნების აღმასრულებელი მდივანი ბრიფინგს ატარებდა და ცივილიზებული კამპანიისკენ მოგვიწოდებდა, ვაქირში ინციდენტი მოხდა. ქალბატონებს, რომლებიც ლევან ბეჟაშვილის პლაკატებს აკრავდნენ, ქართული ოცნების აქტივისტები მიუცვივდნენ და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ქალბატონებზე ოცნების აქტივისტები საცემად იწევდნენ. ერთ-ერთი აქტივისტი შოთა ხუციშვილია. მისი შვილი საჯარო სამსახურშია დასაქმებული", - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარტიებს მოუწოდებს, უარი თქვან კონტრაქციებზე. მისი თქმით, "კონტრაქციების გამართვა და სხვა სუბიექტისთვის აგიტაციაში ხელის შეშლა არის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მიუღებელი ფორმა, კონტრაქციები არის პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის, ძალადობის პროვოცირების ყველაზე საშიში ინსტრუმენტი". კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "პარტიების მხრიდან კონტრაქციებზე უარის თქმით, მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი პროვოკაციების მოწყობისა და ძალადობის პროვოცირების რისკი". ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა შესთავაზა ყველა საარჩევნო სუბიექტს, შეუერთდნენ შესაბამის მემორანდუმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარება კორექტულ და მშვიდობიან გარემოში. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ქართულმა ოცნებამ აიღო პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში აგიტაციის მხოლოდ კორექტული ფორმების გამოყენებაზე.

კომენტარები