თბილისის მერია

მერიასთან მოშიმშილე პარტიზანი მებაღეების წევრი ისევ შეუძლოდ გახდა

amerikiskhma.com

მერიასთან მოშიმშილე პარტიზანი მებაღეების წევრი ელენე მალაშევსკი-ჯაყელი ისევ შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და მას პირველად დახმარება აღმოუჩინეს. მოშიმშილე გარემოს დამცველმა ტერიტორია არ დატოვა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვეღარ შეძლებს პროტესტის უკიდურესი ფორმით გაგრძელებას, მას სხვა ჩაანაცვლებს. ცნობისთვის, მალაშევსკი-ჯაყელს სასწრაფო დახმარების აღმოჩენა გუშინაც დასჭირდა.

თბილისის მერიასთან მოშიმშილე პარტიზანი მებაღე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კახა კოჟორიძემ და ანა დოლიძემ მოინახულეს. მას სთხოვეს, რომ შეწყვიტოს პროტესტის უკიდურესი ფორმა შიმშილობა და დიალოგის რეჟიმში გააგრძელონ მერიასთან საუბარი, თუმცა გარემოს დამცველები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. მათი მოთხოვნაა - გადადგეს გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი.

ცნობისთვის, პარტიზანმა მებაღეებმა საპროტესტო აქციები 17 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვის გამო დაიწყეს. ნატა ფერაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. ის შიმშილობის მეშვიდე დღის დასაწყისში შეუძლოდ გახდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატა ფერაძის ნაცვლად, შიმშილობა დაიწყო პარტიზანმა მებაღემ ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა.

გამწვანების საკითხზე გამართული გუშინდელი შეხვედრა თბილისის მერს და გარემოს დამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დამთავრდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომა მოითხოვეს. მათი განცხადებით, მერია გარემოს დამცველების მოთხოვნების შეასრულებას არ აპირებს და შეხვედრას მხოლოდ რეკლამისთვის მართავს. 

"მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია, ვინ არის ეს, მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით შემოდიან", - მიმართა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს.
 
აქვე შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს თბილისის მერმა ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოაცხადა.

კომენტარები