გამწვანება

ნარმანია: ჯანმრთელობას არ დავდებთ მშენებლობის წილ, ოქროს შუალედს ვიპოვით

ტაბულა

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მისი "პარტიზანი მებაღეების" შეხვედრიდან გამოჩნდა, თუ ვინ არის „მუშაობისკენ განწყობილი და ვინ დესტრუქციის მოსურნე“. ნარმანია ამბობს, რომ იპოვიან ოქროს შუალედს მშენებლობის გაგრძელებასა და ადამიანების ჯანმრთელობას შორის.

"ძალიან კარგად გამოჩნდა ის, თუ რეალურად ვინ არის მუშაობისკენ განწყობილი და ვინ არის დესტრუქციის მოსურნე. როცა ადამიანი შეიძლება ავად იყოს ან რაღაც აწუხებდეს, ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, მისი სწრაფად გაყვანა შეხვედრის დარბაზიდან და არა ჯერ განცხადებების გაკეთება. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ იმას, რომ საკუთარი სიცოცხლე რაღაცებს შევწიროთ, ვგულისხმობ, ჯანმრთელობას არ დავდებთ მშენებლობების წილ, მაგრამ, ვერც მშენებლობას გავაჩერებთ და ვიპოვით ოქროს შუალედს, სადაც, ერთი მხრივ, მდგრადი და სწორი ურბანული განვითარებაც იქნება და, მეორე მხრივ, ეკოლოგიური გარემოც იქნება უფრო მეტად ჯანსაღი" - თქვა ნარმანიამ.

აღსანიშნავია, რომ მერიაში მიმდინარე შეხვედრა პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ და მისმა მომხრეებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ მოითხოვეს თბილისის მერისგან, თანამდებობები დატოვონ გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ. პარტიზანმა მებაღეებმა შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირების და ხმაურის შემდეგ დატოვეს. მათ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „მაიმუნი ვირიშვილი“ უწოდა.

გარემოსამცველები 19.00 საათზე, მერიის შენობის წინ აქციას გამართავენ.

მერიაში გამართული შეხვედრა გამწვანების რეგულაციების გამკაცრების საკითხს ეხებოდა. მასში ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.

პარტიზანმა მებაღეებმა საპროტესტო აქციები 17 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვის გამო დაიწყეს. ნატა ფერაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. ის შიმშილობის მეშვიდე დღის დასაწყისში შეუძლოდ გახდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატა ფერაძის ნაცვლად, შიმშილობა დაიწყო პარტიზანმა მებაღემ ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა.

20 აგვისტოს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისში ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოაცხადა. 

კომენტარები