გამოცემა Independent-ის ცნობით, რუსეთში 17 აგვისტოს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
17 აგვისტოს ტერორისტული დაჯგუფების ორი შეიარაღებული მხარდამჭერი მოსკოვთან ახლოს, მაგისტრალზე პოლიციის საგუშაგოს თავს დაესხა, რის შედეგადაც დაშავდა ორი პოლიციელი, მათ შორის ერთი მძიმედ. სამართალდამცველებმა ორივე თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი უშუალოდ თავდასხმისას მოკლეს, მეორე კი წინააღმდეგობის გაწევისას.
თავდასხმის შემდეგ გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ორივე ტერორისტი რუსულ და არაბულ ენებზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადს ერთგულებას უცხადებს და რუსეთს თავდასხმების სერიით ემუქრება. ისინი ჩეჩნური წარმოშობის იყვნენ და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებად ითვლებოდნენ.
გასულ კვირას ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნიღბიანი ტერორისტი ვლადიმირ პუტინს ლიკვიდაციით დაემუქრა.
2015 წლის 31 ოქტომბერს ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ შარმ ელ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. თავდასხმის შედეგად, 224 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 219 რუსეთის მოქალაქე.





