არჩევნები 2016

ენმ: თამარ ჟვანია პროდასავლური პარტიებისათვის პრობლემების შექმნითაა დაკავებული

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მედია მდივნის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ვალერი კვარაცხელიას პარტია სოციალისტებს ბედუკაძის პარტიის მსგავსად, ოფიციალურად თავმჯდომარე არ ჰყავს. მისი თქმით, ეს ხარვეზი აჩვენებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია პროდასავლური პარტიებისათვის პრობლემების შექმნით არის დაკავებული და თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობებს.

„ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ბედუკაძის პარტიას რეგისტრაცია გაუუქმდა. ამის შემდეგ მხრიდან მოვისმინეთ კვარაცხელიას შეთავაზება, რომ ბედუკაძეს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს თავის თანამოაზრეებთან ერთად არჩევნებში მისი პარტიის საშუალებით. ამ განცხადების შემდეგ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კვარაცხელიას პარტიის რეგისტრაცია გადაამოწმა. ამ პარტიის სახელია „ნეიტრალური საქართველო" და არჩევნებში კვარაცხელია - სოციალისტების სახელით იღებს მონაწილეობას.

დავადგინეთ, რომ კვარაცხელიას პარტიას, ზუსტად იგივე პრობლემა აქვს, რაც ბედუკაძეს ჰქონდა - ისინი არასწორად არიან დარეგისტრირებული და პარტიათა რეესტრში პარტიის თავჯდომარის გრაფა ცარიელია, ანუ ამ ორ პარტიას ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლიათ. მივმართავთ ერთის მხრივ იუსტიციის მინისტრს, რომ გაასაჯაროვოს ინფორმაცია პარტიების რეესტრიდან და ნათელი გახადოს, თუ როგორ აქვს ამ პარტიას რეგისტრაცია გავლილი და, მეორეს მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ჟვანიას, რომ მოიქცეს ზუსტად ისე, როგორც ბედუკაძის პარტიის შემთხვევაში და კვარაცხელია - სოციალისტებს რეგისტრაცია გაუუქმოს.

ამ ხარვეზმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თამარ ჟვანია პროდასავლური პარტიებისათვის პრობლემების შექმნითაა დაკავებული და თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობებს.

ჩვენთვის გასაგებია, რომ აქ ჟვანია არ არის დამნაშავე და ის ასრულებს პუტინის მთავარი მოკავშირის ივანიშვილის დავალებას. ჩვენ ვიცით ივანიშვილის განწყობა, რომ მისი მიზანი პუტინის პარტიების გაძლიერებაა საქართველოში. ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზანია, რომ პუტინის მთავარი მოკავშირე ივანიშვილი 8 ოქტომბერს ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ქვეყანა განვითარების სწორ გზას დაადგეს", - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცენტრისტებს რეგისტრაცია 16 აგვისტოს გაუუქმა. მიზეზად კი, რეესტრის ინფორმაცია დაასახელა, რომლის მიხედვითაც, პარტიას 2006 წლის შემდეგ, არ ჰყავს და არ ჰყოლია ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ამის შემდეგ, ვლადიმერ ბედუკაძემ განაცხადა, რომ შესაძლებელია, პარტია ცენტრისტების წარმომადგენლებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის სახელით მიიღონ მონაწილეობა.

"მათ შორის, არ არის გამორიცხული, ეს იყოს ვალერი კვარაცხელიას პარტია", - აღნიშნავს ბედუკაძე.

ვალერი კვარაცხელია პარტია ცენტრისტების ერთ-ერთი დამფუძნებელია. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 2002 წლის დამფუძნებელი ყრილობის ოქმით დგინდება, რომ პარტია ცენტრისტების თავმჯდომარე იყო თეიმურაზ ხაჩიშვილი, ხოლო პოლიტიკური საბჭო განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: თეიმურაზ ხაჩიშვილი, ვახტანგ გოგუაძე, ვალერი კვარაცხელია, ალექსანდრე ჭილაძე, ვახტანგ თალაკვაძე, ჯემალ ნინუა, ლონგი ჭელიძე, თემურ ჯიშკარიანი, გოგი ბიჭაშვილი, დავით ქევხიშვილი, ელდარ გოდერძიშვილი, გელა ესაკია, ვაჟა ბახტურიძე და გელა პაპუაშვილი.

კომენტარები