რუსთავი 2-ის საქმე

R2-ის და TV საქართველოს ადვოკატები: დაუყოვნებლივ გამოაცხადეთ გადაწყვეტილება

ტაბულა

რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს საგანგებო განცხადებით მიმართეს. მათ მოსამართლეებს რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გამოცხადებისკენ მოუწოდეს.

TV საქართველოს იურისტის დიმიტრი ძაგნიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე გადაწყვეტილების მიღების ვადად დადგენილია 9 თვე და რუსთავი 2-ის საქმის შემთხვევაში, ეს ვადა დარღვეულია. მან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდა, რომ არ აყვნენ ხელისუფლების მხრიდან შანტაჟს და გადაწყვეტილება გამოიტანონ.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მისი არსებობის მანძილზე მუდამ წარმოადგენდა ქვეყანაში კონსტიტუციური ღირებულებებისა და ძირითადი უფლებების დაცვის გარანტს. მისი ავტორიტეტი და კონსტიტუციისადმი ერთგულება არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. სწორედ ამიტომ გვსურს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელება გულისხმობს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას კანონის გათვალისწინებულ ვადებში. საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში, ამგვარ ვადად დადგენილია 9 თვე, რაც სამწუხაროდ უკვე დარღვეულია, ვინაიდან ეს ვადა უკვე ამოწურულია. ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა შემჭიდროებულ, უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში მოხდა საერთო სასამართლოებში ჩვენი საქმეების განხილვა და საქმეზე უკანონო გადაწყვეტილებების დაყენება. ამ ფონზე სრულიად გაურკვეველია, თუ რითაა გამოწვეული უკვე ორგზის განხილული საქმეების დაუსრულებლობა და გადაწყვეტილების გამოუტანლობა. რეალურად ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა დამოკიდებულია სწორედ იმაზე, რამდენად ვიქნებით აღჭურვილი უფლებებით, რომ ვიბრძოლოთ იმ უკანონობის წინააღმდეგ, რაც ხორციელდება. პირველ რიგში, ესაა ძალმომრეობა, რაც თვალნათლივ იკვეთება რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებში. ჩვენი თხოვნა და მოწოდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი მოსამართლეების მიმართ არის ის, რომ ნუ აყვებიან ძალადობას, მუქარას, რომელიც აშკარად მომდინარეობს ხელისუფლების მხრიდან და რაც სამწუხაროდ გახდა იმის საფუძველი, რომ საერთო სასამართლოებში გამოტანილ იქნა უკანონო გადაწყვეტილებები, კვლავაც იყვნენ კონსტიტუციური და ძირითადი უფლებების გარანტი და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ახლა მაინც გამოიტანონ საქმეზე გადაწყვეტილება", - თქვა დიმიტრი ძაგნიძემ.

ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი კი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს - "ნუ დაემორჩილებით იმ ანტისახელმწიფოებრივი ძალის შანტაჟს, რომლებმაც ქურდულად, შუაღამისას მიიღეს კანონი სპეციალურად იმისთვის, რომ ეს ინსტიტუცია დაენგრიათ". მისი თქმით, "ეს ადამიანები 2 თვეში აღარ იქნებიან იმ მდგომარეობაში, რომ თქვენ დაგაშანტაჟონ, ქართული საზოგადოება მათ გამოუტანს განაჩენს და ამასობაში არ ჩაიდინოთ ისეთი რამ, რის გამოც შეგრცხვებათ, საკუთარ შვილებს თვალებში ჩახედოთ".

"მოგიწოდებთ, დაემორჩილეთ საქართველოს კონსტიტუციას და დაუყოვნებლივ გამოაცხადეთ გადაწყვეტილებები იმ საქმეებზე, რომელთა განხილვაც დასრულებულია უკვე დიდი ხნის წინ. ამასთანავე, მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას და ხელისუფლების უკან მდგომ ბიძინა ივანიშვილს - მიუხედავად იმისა, რა მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას უზენაეს სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რა მოხდება უზენაეს სასამართლოში, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენი ძალა არის იმაში, რომ ჩვენ ვართ მართლები და გარწმუნებთ, ბატონო ივანიშვილო, ჩვენ გავიმარჯვებთ და არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში დათესოთ ის სიბნელე და უკანონობა, რასაც თქვენ ცდილობთ", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

კომენტარები