ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

ტურავა: სარჩელების შესაძლო შეცვლის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო შეისწავლის

constcourt.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელების შესაძლო შეცვლის საკითხს თავად შეისწავლის. ტურავას ცნობით, თითოეულ მოსამართლეს ექნება საშუალება, შეისწავლოს დოკუმენტაცია, რომელიც აღნიშნულ სარჩელებს უკავშირდება და პლენუმის რეჟიმში წარმოადგინოს საკუთარი შეხედულება.

"საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, პლენუმის წევრები შეიკრიბნენ და შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პლენუმის წინაშე დასმული ყველა საკითხი იქნეს შესწავლილი წარმოდგენილი დასკვნის სახით. პლენუმის წევრებს დაურიგდებათ ყველა ის მასალა, ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც პლენუმის წინაშე დასმულ საკითხებს შეეხება, მათ შორის, სარჩელების გამოცვლასთან დაკავშირებით. შესაბამისი დასკვნა, ალბათ, რამდენიმე დღეში დაიდება. საბოლოო გადაწყვეტილება პლენუმს ჯერ არ მიუღია, რადგან პლენუმმა უნდა შეისწავლოს ის საკითხები, მთელი ის პროცედურა, რომელიც ამ საკითხებთანაა დაკავშირებული. ამის შემდეგ, პლენუმი ისევ შეიკრიბება და იტყვის, თუ რა დაადგინა - მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი იმ საკითხებს, რომელიც პლენუმის წინაშე იყო დაყენებული",- აღნიშნა ტურავამ.

კონსტიტუციური სარჩელების შეცვლაზე ჯერ მოსამართლე მერაბ ტურავამ, ხოლო შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და გია ვოლსკიმ ისაუბრეს.

კომენტარები