საკონსტიტუციო სასამართლო

პროკურატურა: საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე უარყოფს ზეწოლის ფაქტს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

მთავარი პროკურატურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს უარყოფენ. უწყების განმარტებით, გამოკითხეს საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თავმჯდომარის გარდა. საქართველოს პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ამ ეტაპზე გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ გამოკითხულია საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თავმჯდომარის გარდა. გამოკითხულთაგან ყველა უარყოფს მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას.

მთავარ პროკურორსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის აღნიშნულ საქმეზე თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, ამ კვირაში გიორგი პაპუაშვილთან კოორდინაციით მოხდება მისი გამოკითხვა ზეწოლის ფაქტებთან მის ხელთ არსებული ინფორმაციის ირგვლივ.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება მოსამართლეების მიერ ჩვენებებში დაფიქსირებულ გამოძიებისთვის საინტერესო გარემოებების გადამოწმების მიზნით, რომლებზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, როგორც აღინიშნა, გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას", - აცხადებს პროკურატურა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს ისაუბრა. პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მოსამართლეებს ფარულად უთვალთვალებენ და ემუქრებიან.

კომენტარები