საკონსტიტუციო სასამართლო

5 მოსამართლე პაპუაშვილს საქმეების განხილვის დაჩქარებაში სდებს ბრალს

გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა და მერაბ ტურავა თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს კონკრეტული საქმეების განხილვის დაჩქარებაში ადანაშაულებენ. საუბარია გიგი უგულავას/კაბელებისა და რუსთავი 2-ის საქმეებზე. ამის შესახებ პაპუაშვილისთვის მიწერილ წერილში წერია, რომელსაც Primetimenews აქვეყნებს.

მოსამართლეების განცხადებით, "დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან სასამართლოს დღის წესრიგის ერთპიროვნულად, სასამართლოს სხვა წევრების აზრის გათვალისწინების გარეშე, იმგვარად განსაზღვრა, რომ მოხდეს გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება, განსაკუთრებით იმ საქმეეზე, რომლებიც არის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ, სხვა გაცილებით უფრო ადრე შემოსული ძველი (თუმცა ე.წ. პოლიტიკური ნიშნის არმქონე) საქმეები უკვე საკმაო პერიოდია, თავიანთი განხილვა/გადაწყვეტის რიგს ელოდებიან. როგორც მინიმუმ პლენუმს უნდა ჰქონდეს როგორც საქმის განხილვისთვის, ისე გადაწყვეტილების მისაღებად გონივრული (არანაკლებ იგივე რამდენიმეთვიანი) ვადები, რაც ამ საქმეებზე განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად პირველ კოლეგიას ჰქონდა და არანაირად არ უნდა მოხდეს ამ პროცედურების ფორსირება, რათა მოსამართლეებმა შეძლონ მშვიდ, არადაძაბულ რეჟიმში გადაწყვეტილების მიღება".

როგორც 5 მოსამართლე თვლის, გიორგი პაპუაშვილის მიერ მოსამართლეებზე ზეწოლაზე განცხადების შემდეგ, საჭიროა, ე.წ. პოლიტიკური ნიშნის მატარებელ ყველა საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო დაელოდოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ამ საკითხის სრულყოფილად შესწავლას და საქმეების განხილვა მას შემდეგ გააგრძელონ, რაც გადამოწმდება და დასრულდება სათანადო ორგანოების მხრიდან პაპუაშვილის განცხადებაში მოყვანილი ზეწოლის ფაქტების სინამდვილე, რათა, მათი თქმით, გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვები მოსამართლეების მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით.

"იმედი გვაქვს, გაითვალისწინებთ ჩვენს საფუძვლიან და დასაბუთებულ პოზიციას და მოგვეცემა საშუალება, თანმიმდევრობის და რიგითობის პრინციპის შეძლებისდაგვარად დაცვის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღოთ სასამართლოს სამუშაო დღის წესრიგის შემუშავება/დაგეგმვაში, და გვექნება დაუჩქარებლად, მშვიდ რეჟიმში საქმის სრულყოფილი შესწავლის, მასზე საფუძვლიანი მსჯელობის და გაანალიზებული გადაწყვეტილების გონივრულ(არაფორსირებულ) ვადაში მიღების შესაძლებლობა, რის გარეშეც კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელება შეუძლებლად მიგვაჩნია",- ნათქვამია წერილში.

კიდევ ერთი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი ამბობს, რომ წერილთან დაკავშირებით ამ 5 მოსამართლეს მასთან არ უსაუბრია.

ტაბულა საკონსტიტუციო სასამართლოსთან ცდილობს დაკავშირებას.

კომენტარები