საკონსტიტუციო სასამართლო

პროკურატურამ გიორგი პაპუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, პაპუაშვილი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ორთაჭალაში, მთავარ პროკურატურაში ხვალ, 13:00 საათზე არის დაბარებული.

პაპუაშვილს უწყება უკვე გაეგზავნა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 157(1) მუხლის I ნაწილით.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. "მოსამართლეებს აშანტაჟებენ, რომ მათი ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების კომერციულ საქმიანობას შეავიწროებენ, რომ მათ ახლო ნათესავებს დააკავებენ სხვადასხვა საბაბით. ასევე, ემუქრებიან პირადი ხასიათის, ძირითადად ფალსიფიცირებული ინფორმაციის გასაჯაროებით. ყველა ეს ფაქტი უკავშირდება მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებს, რომლებიც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - ამბობს პაპუაშვილი.

კომენტარები