საკონსტიტუციო სასამართლო

პრეზიდენტი საკონსტიტუციოს თავმჯდომარეს შეხვდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ტელეფონით დაუყოვნებლივ ესაუბრა გიორგი პაპუაშვილს და ვითარებას გაეცნო. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააკეთა კომენტარი. მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი და გიორგი პაპუაშვილი ერთმანეთს უახლოეს მომავალში შეხვდებიან.

"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლო. ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი. შესაბამისად, გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ყველა იმ განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენას და მასზე ზემოქმედებას შეეხება. პრეზიდენტმა საკონსტიტიუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შესთავაზა დახმარება - არის თუ არა, მყისიერი ჩარევა საჭირო ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაზეც თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამის საჭიროება დღეს არ არის.

ისინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვდებიან და განცხადების დეტალებთან და საქმეებთან დაკავშირებით ისაუბრებენ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება", - თქვა საპარლამენტო მდივანმა.

დოლიძისვე თქმით, შესაძლო ზეწოლაზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ის მზადაა დეტალებზე სასაუბროდ ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირებს შეხვდეს.

კომენტარები