რიოს ოლიმპიადა 2016

რიოს ოლიმპიადა რუსი მძლეოსნების გარეშე ჩაივლის

REUTERS

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის და 68 რუსი სპორტსმენის საჩივარი. სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომელიც რუს მძლეოსნებს 2016 წლის რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობას უკრძალავს.

მსოფლიოს მძლეოსნობის ფედერაციამ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით, შარშან ამხილა სავარაუდოდ რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დოპინგ პროგრამა. შესაბამისად, რუს მძლეოსნებს აეკრძალათ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება.

მსოფლიოს მძლეოსნობის ფედერაცია მიესალმა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ფედერაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს "სუფთა სპორტსმენების" უფლებების დაცვას და თანასწორ გარემოს სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეთათვის.

პარალელურად, მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს მოთხოვნას, რომ ყველა რუს სპორტსმენს აეკრძალოს რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება. ეს მოთხოვნა ეფუძნება ანტიდოპინგური სააგენტოს მეორე ანგარიშს, რომელშიც ასევე რუსეთის სახელმწიფოს მიერ დოპინგ პროგრამების დაფინანსებაზეა საუბარი.

კომენტარები