NATO- ვარშავის სამიტის კომუნიკეს აქვეყნებს, რომელიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მიიღეს. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დადებული ე.წ. ხელშეკრულებები, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ ცნობილ საზღვრებში. ასევე მივესალმებით საქართველოს მხრიდან ძალის არგამოყენებას და მოვუწოდებთ რუსეთს, უპასუხოს მას იმავეთი. რუსეთს ასევე მოვუწოდებთ, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად; შეწყვიტოს საზღვრის მსგავსი ბარიერების აგება და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოდან.NATO არ ცნობს ე.წ. ხელსეკრულებებს, რომლებიც გაფორმდა რუსეთსა და საქართველოს რეგიონ აფხაზეთს შორის 2014 წლის ნოემბერში, ხოლო საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის 2015 წლის მარტში. ისინი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეუთო-ს პრინციპებსა რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს იმოქმედონ კონსტუქციულად და გააგრძელონ მჭიდრო მუშაობა ეუთო-სთან, გაერო-სთან და ევროკავშირთან კონფლიქტების მშვიდობიანად მოსაგვარებლად საქართველოს საერთაშორისოდ ცნობილ საზღვრებში.", - წერია კომუნიკეში.
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ესწრებიან.





