სასკოლო სახელმძღვანელოები

ენმ: სასწავლო წელი კვლავ წიგნების გარეშე ან ნახმარი წიგნებით დაიწყება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების სერგო რატიანისა და მარიამ რამინაშვილის თქმით, სასწავლო წელი შარშანდელის მსგავსად, კვლავ სახელმძღვანელოების გარეშე ან ნახმარი სახელმძღვანელოებით დაიწყება. მათივე ინფორმაციით, იმისათვის, რომ სრულფასოვნად განხორციელდეს სკოლებისათვის სახელმძღვანელოებით აღჭურვა, ტენდერი არათუ გამოცხადებული, დასრულებულიც უნდა იყოს.

"გამომდინარე იქიდან, რომ  2016-17 სასწავლო  წლისათვის განათლების სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის კვლავ არსებული სასკოლო წიგნებით უნდა განხორციელდეს სწავლება, მოვითხოვთ განათლების მინისტრისაგან, 2016 წლის ბიუჯეტში სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის განკუთვნილი 12 მილიონი ლარით აღარ განხორციელდეს სასკოლო წიგნების სტამბური ბეჭვდა, მოხდეს გამომცემლობებში არსებული ნაშთების შესყიდვა, რაც, ერთი მხრივ, სასიკეთოდ წაადგება თავად გამომცემლობების საქმიანობას და ბიუჯეტიდან  მილიონობით ლარის ხარჯს,  რომელიც სამინისტროს უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო უაზროდ უნდა დაიხარჯოს, ნაწილობრივ მაინც სასარგებლო დანიშნულებას შესძენს. მეორე მხრივ, მოხსნის პრობლემას მოსწავლეებისათვის საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოების მიწოდებასთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გამართულ წარმართვას."-ამბობენ პარტიაში.

კომენტარები