არჩევნები 2016

პრემიერი: ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო კამპანია უზრუნველყოფილი უნდა იყოს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი წინასაარჩევნო პერიოდის სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობას. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა. მისი თქმით, ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო კამპანია უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი.

„რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ჩვენი მოწოდებაა, რომ რაც შეიძლება მშვიდობიან გარემოში, ღირსეულად ჩავატაროთ ეს არჩევნები. მინდა დავამატო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობა. ამიტომ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ, რომ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო კამპანია უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, მმართველი ძალის წინასაარჩევნო კამპანიასაც დიდი მნიშვნელობა აქვს," - ამბობს პრემიერი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ არაერთხელ სთხოვა საერთაშორისო პარტნიორებს მაქსიმალურად ბევრი დამკვირვებლის გამოგზავნა. პრემიერის შეფასებით, დემოკრატიული და ღირსეული არჩევნების ჩატარება მთავრობის ღირსების საკითხია.

„როგორც ჩემი, ისე არაერთი მინისტრის მხრიდან, მრავალ საერთაშორისო პლატფორმაზე გაჟღერებულა არაერთი მოწოდება და თხოვნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ მაქსიმალურად მეტი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჩამოვიდეს საქართველოში და რაც შეიძლება ადრე, რათა მთელი ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც მედიისთვის წვდომას ამ პროცესების გაშუქების კუთხით, ისე არასამთავრობო სექტორის ჩართულობას. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა სახელმწიფო მოხელეს პირველ რიგში, რომ მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ერთი კითხვის ნიშანიც კი მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი მთავრობის ღირსების საკითხი, რომ ჩვენ შევძლოთ მართლაც დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და სათანადოდ გაშუქდეს მთელი ეს პროცესი. ამიტომ გამჭვირვალობას ამ კუთხით ექნება განსაკუთრებული მნიშვნწელობა," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები