ეროსი კიწმარიშვილის საქმე

კიწმარიშვილი: პროკურატურის არგუმენტები უსუსური და არასერიოზულია

ტაბულა

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურა კიწმარიშვილი გამოძიების ვერსიას არ ენდობა. მან ტაბულას უთხრა, რომ კიწმარიშვილის ოჯახი ხვალ პრესკონფერენციის გამართვას აპირებს.

"მადლობა პროკურატურას, რომ საბოლოოდ მაინც მოხდა ის, რაც მოხდა ანუ მან საზოგადოებას წარუდგინა თავისი სამუშაოს ანალიზი, შედეგი. თუმცა ნამდვილად ვერ ვეტყვი მას მადლობას იმისთვის, რომ საქმე დახურულად გამოაცხადა და დაადგინა ის, რაც დაადგინა. ჩვენ ამ ვერსიას კატეგორულად არ ვიზიარებთ და გვაქვს იმის არგუმენტები, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა. პროკურატურის არგუმენტები არის ძალიან უსუსური და რიგ შემთხვევბში არასეროზულიც კი.

ხვალ ვაპირებთ პრესკონფერენციის ჩატარებას, ვიმსჯელებთ როგორც პროკურატურის არგუმენტებზე, ისე იმ დეტალებზე, რომელზეც არაფერი უთქვამს პროკურატურას. ესეც უნდა იცოდნენ ჟურნალისტებმა, იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ მედლის ორივე მხარე და ყველას შეეძლება თავისი ვერსიის ჩამოყალიბება. ახლა მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები და საქმე თაროზე ძალიან ზემოთ არ შემოიდოს. ვაპირებთ, ყველა ნივთმტკიცება გამოვითხოვოთ და კიდევ დავგეგმოთ დამოუკიდებელი ექსპერტიზები მისი პირადი ნივთებიდან, მანქანიდან, კომპიუტერიდან, ინტერნეტსივრციდან" - ამბობს კიწმარიშვილი და აღნიშნავს, რომ მანქანის ექსპერტიზა "ძალიან ზერელედ და უხარისხოდ არის ჩატარებული".

"ხვალ ვიტყვით ყველაფერს, რაც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ამ საქმეში და წესით, გამოძიებისთვისაც უნდა ყოფილიყო შთამაგონებელი უფრო მასშტაბური ძიებებისთვის, რაც არ მოხდა" - თქვა ზურა კიწმარიშვილმა.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ძმა უპასუხისმგებლობას უწოდებს ფინანსურ პრობლემების მოტივით თვითმკვლელობის ვერსიის გამოცხადებას. 

"მომიტანეს მიმოწერა, რომელშიც ამბობს, რომ მას აქვს ფინანსური პრობლემები. ჩვენ მსგავსი არაფერი გვინახავს, გადაქექილი გვაქვს მთელი კომპიუტერები. მეორეც, თუ ასეთი მესიჯი იყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პრობლემების გამო გეგმავდა თვითმკვლელობას და ათი დღე ემზადებოდა. ამ ვერსიის გამოცხადება უპასუხისმგებლობაა. მას ჰქონდა კონკრეტული საქმიანობა სარესტორნო ბიზნესში, რესურსების და ინვესტიციების ჩადება უნდოდა მედიაბიზნესში და პოლიტიკაშიც აპირებდა ბევრი პროექტის განხორციელებას. ის, რომ ვალების გამო ამ ყველაფერს და ახლობლებს ზურგი აქცია და თავი მოიკლა, ძალიან დამთრგუნველი და გამაღიზიანებელია ასეთ ვერსიაზე აწყობილი საგამოძიებო დასკვნები. პროკურატურის განცხადებაში არაფერია ისეთი, რაც მაფიქრებინებს, რომ გამოძიების ვერსია მართებულია" - განაცხადა კიწმარიშვილმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის მტკიცებით, კიწმარიშვილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მან თავი მოიკლა. უწყების ცნობით, გამოძიების მსვლელობის დროს შეისწავლეს ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა. პროკურატურის მტკიცებით, "ჩანაწერში ის აცხადებდა, რომ აქვს მატერიალური პრობლემები, რის გამოც მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება".

რუსთავი 2-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში 2014 წლის 15 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს. მის თვითმკვლელობას ოჯახი გამორიცხავს.

ეროსი კიწმარიშვილი სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდშიც აქტიურად აკრიტიკებდა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაში ადანაშაულებდა. ის ასევე აცხადებდა, რომ რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელის საქმე მის გარეშე ვერ გადაწყდებოდა.

კომენტარები