ეროსი კიწმარიშვილის საქმე

ივანიშვილი კიწმარიშვილის საქმეზე: გადაწყვიტეს, რომ ეს არის თვითმკვლელობა

ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე რაც სათქმელი ჰქონდა, ყველაფერი გაცხადებული აქვს. ივანიშვილს ტაბულამ ჰკითხა - "ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, რომ თქვენ და მან იცით რაღაც განსაკუთრებული ინფორმაცია, რისი გამოქვეყნებაც შეიძლება, თქვენთვის საზიანო იყოს. რა ინფორმაციაა ეს და თქვენ თუ მონაწილეობდით რაიმე ფორმით რუსთავი 2-თან დაკავშირებულ გარიგებაში?". ივანიშვილმა ტაბულა "ინტრიგის შემოტანაში" დაადანაშაულა და თქვა, რომ სხვა არაფერი არ აქვს სათქმელი.

"ძალიან მძიმე კავშირებია ახლა, გამოძიება დასრულდა. სასამართლო სჭირდება ამას თუ პროკურატურა ასრულებს? დასრულებულია და გადაწყვიტეს, რომ ეს არის თვითმკვლელობა. მწუხარებას გამოვთქვამ და სამძიმარს გამოვუცხადებდი ოჯახს, მე სხვა არაფერი სათქმელი არ მექნება. მე რაც საჭირო იყო, საჯაროდ გაცხადებული მაქვს ამასთან დაკავშირებით ყველაფერი. გასაგებია. ეს მათი [კიწმარიშვილის ოჯახის] საქმეა [რომ გამოძიების ვერსიას არ ენდობიან]" - თქვა ივანიშვილმა.

დამატებით კითხვაზე, "იყო თუ არა თქვენი ფინანსური წილი რუსთავი ორის საქმეში?", ივანიშვილი ისევ პასუხობს, რომ მას უკვე ყველაფერი ნათქვამი აქვს.

"ტაბულა, ტაბულა, როგორ ახერხებთ კითხვაშივე ინტრიგების შემოტანას. რა კავშირია ახლა მაგათ შორის, რა უნდა გითხრათ, ხო გითხარით უკვე, რა გნებავთ, რომ გითხრათ? მომისმინე შვილო, მე რაც სათქმელი მქონდა, გითხარით, საჯაროდ გაცხადებული მაქვს ამის შესახებ და ყველაფერი ამოწურულია. რაც შეეხება იმას, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ დასრულებულია გამოძიება და თვითმკვლელობის მუხლი მიანიჭეს, მწუხარებას გამოვთქვამ, კიდევ ერთხელ ვუთანაგრძობ ოჯახს" - ამბობს ყოფილი პრემიერმინისტრი და კითხვაზე, "ჰქონდა თუ არა კიწმარიშვილს თქვენს ფინანსებთან შეხება", პასუხობს - "როგორ შეიძლებოდა, კიწმარიშვილს ჩემს ფინანსებთან შეხება ჰქონოდა".

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის მტკიცებით, კიწმარიშვილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მან თავი მოიკლა. უწყების ცნობით, გამოძიების მსვლელობის დროს შეისწავლეს ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა. პროკურატურის მტკიცებით, "ჩანაწერში ის აცხადებდა, რომ აქვს მატერიალური პრობლემები, რის გამოც მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება".

რუსთავი 2-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში 2014 წლის 15 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს. მის თვითმკვლელობას ოჯახი გამორიცხავს.

ეროსი კიწმარიშვილი სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდშიც აქტიურად აკრიტიკებდა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაში ადანაშაულებდა. ის ასევე აცხადებდა, რომ რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელის საქმე მის გარეშე ვერ გადაწყდებოდა.

კომენტარები