ეროსი კიწმარიშვილის საქმე

მელია კიწმარიშვილზე: პროკურატურამ დაადასტურა, რომ ის ივანიშვილის სამსახურია

Nika Melia/Fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას განცხადებით, პროკურატურის არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც უწყებამ ეროსი კიწმარიშვილის საქმე გახსნილად გამოაცხადა და დახურა, უსუსურია.

„სამწუხაროდ, პროკურატურამ ყველა ის ეჭვი დადასტურა, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის დღიდან. მთავარი არგუმენტი, რამაც პროკურატურა თვითმკვლელობის ვერსიამდე მიიყვანა და ამის საფუძველზე საქმე დახურა, არის ბოლთას ცემა სადარბაზოში. ბოლთას ცემს დღეს საქართველოში, ამ ხელისუფლების პირობებში, ნახევარი ქვეყნის მოსახლეობა და კრედიტი აქვს ამ ქვეყნის 60 %-ს. ვფიქრობ, ესაა ძალიან სუსტი მტკიცებულება და ამას, რა თქმა უნდა, არავინ დაიჯერებს. ამით პროკურატურამ დაადასტურა, რომ ის არა სახელმწიფო ინსტიტუცია, არამედ ერთი ადამიანის - ივანიშვილის სამსახურია, რომელიც სხვათაშორის, ობიექტური გამოძიების ფარგლებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაკითხული" - თქვა მელიამ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის მტკიცებით, კიწმარიშვილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მან თავი მოიკლა. უწყების ცნობით, გამოძიების მსვლელობის დროს შეისწავლეს ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა. პროკურატურის მტკიცებით, "ჩანაწერში ის აცხადებდა, რომ აქვს მატერიალური პრობლემები, რის გამოც მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება".

კომენტარები