რუსთავი 2-ის საქმე

NGO-ები: უზენაეს სასამართლოს აქვს შანსი, ნდობა აღადგინოს R2-ის პროცესის მიმართ

არასამთავრობო ორგანიზაციები

კოალიციის - მედიის ადვოკატირებისთვის - შეფასებით, მნიშვნელოვანია, უზენაესმა სასამართლომ მიმართოს ყველა ზომას, რომ უზრუნველყოფილი იყოს რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული დაცვით. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ უზენაეს სასამართლოს აქვს შანსი, განსახილველად მიიღოს რუსთავი 2-ის საქმე და ნდობა აღადგინოს პროცესის მიმართ.

"ამ განცხადების მიზანი არ არის - შეაფასოს კონკრეტული სამართლებრივი საკითხები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ მრავალგზის გამოვეხმაურეთ ორივე ინსტანციის სასამართლო განხილვის მიმდინარეობას და აღვნიშნეთ, რომ არაერთი დეტალი აჩენდა ლეგიტიმურ ეჭვს პროცესის პოლიტიზებასთან დაკავშირებით.

გვსურს, კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება საკითხის მნიშვნელობაზე. ყველაზე გავლენიანი მედიის ბედის გადაწყვეტამ სასამართლო პროცესის მიმართ უნდობლობის ფონზე, შესაძლოა არა მხოლოდ მედია და წინასაარჩევნო გარემოზე იმოქმედოს უარყოფითად, არამედ სამართლებრივი სივრციდან გაიყვანოს პროცესი.

უზენაეს სასამართლოს აქვს შანსი, განსახილველად მიიღოს რუსთავი 2-ის საქმე და ნდობა აღადგინოს პროცესის მიმართ. რადგან ქვედა ინსტანციებში სახეზე იყო არაერთი გარემოება, რომელიც აჩენდა ლეგიტიმურ ეჭვს სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, უზენაესმა სამართლომ მიმართოს ყველა ზომას, რომ უზრუნველყოფილ იქნას საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული დაცვით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი, რეგიონული მედიის ასოციაცია, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB), მედიაკლუბი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის", ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, მედიის მხარდაჭერის ფონდი და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა. ადვოკატ ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ხელისუფლების დავალებაა, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საჩივარი წარმოებაში არ მიიღოს. 

კომენტარები