სახალხო დამცველის შეფასებით, "სამწუხაროა, რომ ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ ვერ მოხერხდა". ომბუდსმენის განცხადებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და შემწყნარებლობის კულტურის ჩამოყალიბებისათვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. უჩა ნანუაშვილის თქმით, კვლავ პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ "სამი წლის გასვლის მიუხედავად, 2013 წლის 17 მაისს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა".
"მაშინ, როცა სხვადასხვა ჯგუფების მიერ დაგეგმილია არაერთი აქცია დედაქალაქის ცენტრალურ ადგილებში, სამწუხაროა, რომ ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ ვერ მოხერხდა. ლგბტ აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფის განცხადებით, ძალადობის მოსალოდნელი საფრთხეებისა და ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიების არარსებობის გამო უარს ამბობენ საჯარო გამოსვლაზე. შემაშფოთებელია, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული ჰომოფობიური განწყობები საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზაციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას, ასევე ლგბტ ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების უპირობო განხორციელების ხელშეწყობას.
2016 წლის 17 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე: 14-81", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს, 1990 წლის 17 მაისს უკავშირდება.





