სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი ვ. ბ. დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის მფლობელს ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შესაცვლელად ჩასატარებელი სამუშაოების გადაცემისა და დაფინანსების სანაცვლოდ ქრთამის სახით გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. 2016 წლის აპრილში, მან ქრთამის სახით აიღო 1800 ლარი. ამასთან, 2016 წლის 11 მაისს ვ. ბ-მ იმავე სამეწარმეო სუბიექტის მფლობელისაგან ქრთამის სახით დამატებით მოითხოვა და აიღო 2000 ლარი, რა დროსაც იგი დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





