ბიტკოინი

BBC: ბიტკოინის გამომგონებელი ავსტრალიელი ქრეიგ ვრაიტია

ქრეიგ ვრაიტი
soldierx.com

BBC-ის ცნობით, ბიტკოინის გამომგონებელი ავსტრალიელი ქრეიგ ვრაიტია. ბიტკოინი კრიპტოვალუტაა, რომლის შემქმნელის პირობითი სახელი სატოში ნაკამოტოა, თუმცა, აქამდე არავინ იცოდა, ვინ იდგა ამ სახელის უკან.

BBC-ის ინფორმაციით, ქრეიგ ვრაიტს აქვს იმის დამადასტურებელი საბუთებიც, რომ ის მართლაც ბიტკოინის გამომგონებელია. თუმცა, ვრაიტი მედიასთან საუბარს თავს არიდებს. მან არ ისურვა ჟურნალ The Economist-ისთვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა იმის შესახებ, რომ მან სატოში ნაკამოტოს სახელით ბიტკოინი გამოიგონა.

BBC-მ ქრეიგ ვრაიტის განცხადება ბიტკოინის სხვა ავტორიტეტულ ფიგურებთანაც გადაამოწმა. მათ ქრეიგ ვრაიტის განცხადება დაადასტურეს. "მე ვიყავი ამ პროექტის მთავარი მამოძრავებელი, თუმცა სხვა ადამიანებიც მეხმარებოდნენ." - ამბობს ვრაიტი.

მას შემდეგ რაც მედიით გავრცელდა ინფორმაცია ქრეიგ ვრაიტის შესახებ, ის ავსტრალიის საგადასახადო სამსახურის ყურადღების ცენტრში მოექცა. ის, როგორც ბიტკოინის გამომგონებელი, ბიტკოინით მრავალ ასეულ მილიონიან ქონებას ფლობს, ავსტრალიური კანონმდებლობით კი ეს თანხები იბეგრება.

იმის მიუხედავად, რომ ქრეიგი თავს ბიტკოინის გამომგონებლად მიიჩნევს, მას ზუსტად მაინც არ განუმარტავს, მართლაც თვითონ არის სატოში ნაკამოტო, თუ არა. "სატოში მკვდარია" -ამბობს ქრეიგი და აგრძელებს, რომ "ეს მხოლოდ დასაწყისია".

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან შეიძლება. დღესდღეობით ერთი ბიტკოინის ფასი 445 დოლარზე მეტია.

ბიტკოინი და მისი გადახდის სისტემა ბლოკჩეინი მსოფლიოში გადახდის სისტემებს ცვლიან. მსხვილი ბანკები უკვე ცდილობენ, რომ საკუთარი გადარიცხვები ბლოკჩეინ სისტემაში გადაიყვანონ, რაც ტრანზაქციების წარმოების ტრადიციულ სისტემებთან შედრაებით გაცილებით უფრო იაფია. ტრანზაქციების დასაფიქსირებლად ბიტკოინის სისტემას ქონების რეგისტრაციისთვისაც იყენებენ. ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რადგანაც საქართველოში აპრილში გაფორმებული მემორანდუმის მეშვეობით უძრავი ქონების რეგისტრაციისა და გაყიდვის პროცესში ბლოკჩეინის სისტემის გამოყენება დაიწყება.

კომენტარები