სუს-მა ქობულეთში ბირთვული მასალის - რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. აღნიშნული პირები მაშინ დააკავეს, როდესაც მათ ბირთვული მასალა გასაღების მიზნით ქობულეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიტანეს.
უწყების ცნობით, დაკავებულები ურანის გაყიდვას 3 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ.
"ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერება ურანი, საერთო წონით 1.665 გრ, შეიცავს 2 რადიოაქტიურ იზოტოპს: ურან 238-სა და მცირე ოდენობით 0,23% ურან 235-ს, რომლებიც მიეკუთვნებიან ბირთვულ მასალათა კატეგორიას. რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, აღნიშნულ საგნებთან ხანგრძლივი უშუალო კონტაქტი საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.





