საწვავის ფასები

სოკარმა კონკურენციის სააგენტოსთან სასამართლო დავა წააგო

jvm.com

თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკართან მიმართებით ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებული 14.4 მილიონიანი ჯარიმა. კონკურენციის სააგენტოს მტკიცებით, დაჯარიმების მიზეზი 2012-2014 წლებში სოკარის მხრიდან კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა გახდა. სააგენტომ 2015 წლის ზაფხულში ბაზრის კვლევის შემდეგ ნავთობის ბაზრის ყველა ძირითად მოთამაშეს ჯამში 55 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა, მას შემდეგ პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა. 

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ნავთობკომპანიებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. დაჯარიმებული ნავთობკომპანიების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

  1. სოკარი 14.4 მილიონი.
  2. გალფი 11.2 მილიონი.
  3. რომპეტროლი 10.9 მილიონი.
  4. ვისოლი 10.4 მილიონი.
  5. ლუკოილი 4.7 მილიონი.

2015 წელს სოკარის დაჯარიმებიდან მალევე საქართველოში ვიზიტით სოკარის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი ჩამოვიდა. გასული წლის ივლისში ენერგეტიკის სამინისტროდან ტაბულას კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, რომ ჯარიმის გამო აზერბაიჯანული მხარე საპასუხო ნაბიჯის გადადგმას გეგმავდა, რაც ბუნებრივი აირის მომარაგების შეზღუდვა შეიძლება ყოფილიყო. 

"ვაცხადებთ, რომ კომპანია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს არ დაურღვევია "კონკურენციის შესახებ" კანონის არცერთი მოთხოვნა. ბრალდება, რომ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზარზე ხელოვნურ ბარიერებს ქმნიდა, რომლითაც იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასები, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" მოქმედებდა და მოქმედებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკის, კანონმდებლობის და ნორმატიული აქტების შესაბამისად. კომპანია არასდროს არ იყო ორიენტირებული რაიმე განსაკუთრებულ ზემოგებაზე, რასაც ადასტურებს ის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ბიუჯეტში შეტანილია 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი, დასაქმებულია 1500 ადამიანი, სპონსორობას უწევს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს, ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების დარგებს და ა.შ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამწუხაროა ასეთი შეფასება და ვაფიქსირებთ, რომ არ ვეთანხმებით კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და საკუთარი ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ ცივილური სამართლებრივი გზით", - წერია სოკარის განცხადებაში. 

ნავთობკომპანიების დაჯარიმების გამო საქართველოს მაშინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ სახელმწიფოს მიერ ჯანსაღი კონკურენციის პირობების დანერგვის ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე კი ამბობდა, რომ კომპანიების დაჯარიმება მომავალში ნავთობის ბაზარზე სპეკულაციების თავიდან არიდებას გამოიწვევდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციებში.

 

კომენტარები