ჟურნალისტ ეკა წამალაშვილის ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის უკანასკნელი სამხედრო პროკურორი გენერალი ალექსანდრე კატუსევი წლების მანძილზე ბიძინა ივანიშვილის ბანკ "როსისკი კრედიტში" მმართველის მთავარ მრჩევლად მუშაობდა. კატუსევი თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ხოცვა-ჟლეტის გამართლებითაა ცნობილი - სწორედ მან წარადგინა სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე დასკვნა, რომელსაც შემდგომში გენერალი იგორ როდიონოვი დაეყრდნო. დასკვნაში სამხედრო დამნაშავის იგორ როდიონოვის დაჯგუფების ნაბიჯები გამართლებული იყო.
ალექსანდრე კატუსევი 2000 წელს , 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის წლების მანძილზე საბჭოთა რეჟიმის პირობებში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა - სამხედრო პროკურორი, სსრკ-ს გენერალური პროკურორის მოადგილე. გენერალ-ლეიტანტის წოდებით ის სამხედრო პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც როდიონოვის დაჯგუფების ქმედებები ოფიციალურად გაამართლა.





