ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

შს მინისტრი: პეტრიაშვილის საქმის გადაკვალიფიცირება გამორიცხული არ არის

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თავისუფალ დემოკრატებს შეხვდა. მათ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის შესახებ ისაუბრეს. შს მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მისი თქმით, „სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად მაქსიმალური რესურსია მიმართული, რათა საქმე გონივრულ ვადებში გაიხსნას და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება სწრაფად დადგინდეს“. მინისტრის ინფორმაციითვე, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და „იმ შემთხვევაში, თუ რიგი გარემოებები გამოიკვეთა, გამორიცხული არ არის, საქმის გადაკვალიფიცირება მოხდეს“.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი კმაყოფილია შეხვედრით და ამბობს, რომ საჭიროა საქმის სწრაფი გამოძიება.

"ძალიან კარგია, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თუმცა ჩვენ ასევე ვთქვით და იმავე აზრზე ვრჩებით, რომ საჭიროა ძალიან სწრაფი გამოძიება, რადგან ეს ისე მოქმედებს ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარებაზე, როგორც გარეთ არსებულ მდგომარეობაზე. პრაქტიკულად არ დარჩენილა საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენელი, ვინც არ დაინტერესდა ბუკას მდგომარეობით და გამოძიების მიმდინარეობით. კვალიფიკაციის ცვლილებასთან დაკავშირებით მან არ გამორიცხა ამის შესაძლებლობა გამოძიების მიმდინარეობის დროს , შესაბამისად დაკავების და ბრალის წაყენების დროს. ამის შესაძლებლობა არსებობს კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ“,- თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ მინისტრმა საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ დეტალებზე საუბარისგან თავი შეიკავა, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო. ამ საქმის ბოლომდე გამოძიებას, ამ საქმის ბოლომდე წეტილის დასმას ელოდება საზოგადოება. ელოდებიან როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ასევე დიდი რაოდენობა ჩვენი პარტნიორებისა, ჩვენი საერთაშორისო მეგობრობისა, რომლებიც გვირეკავენ და გვეკითხებიან - რა ხდება. ეს იქნება ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან თუ სხვა დედაქალაქიდან. ეს არის ქვეყნის, სახელმწიფოს იმიჯის საქმე. იმედი მაქვს, რომ ეს იმიჯი მალე აღდგება“,- აღნიშნა დოლიძემ. 

ალექსი პეტრიაშვილი მე-5 დღეა საავადმყოფოში იმყოფება. მას რენიმაციული განყოფილებიდან პალატაში დღეს გადაიყვანენ. ექიმის თქმით, თუ საჭირო გახდა, გასცემს ნებართვას, რომ ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა შესაძლებელია.

კომენტარები