ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ადვოკატი: ალექსი პეტრიაშვილს ჯერ კიდევ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატის ლევან სამუშიას თქმით, პეტრიაშვილს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, რის გამოც ისინი ვერ ეცნობიან საქმის მასალებს.

"დღეის მდგომარეობით, ბატონი ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის მიერ დაზარალებულად არ არის ცნობილი. შესაბამისად, არ გვეძლევა საშუალება, საქმის მასალებს გავეცნოთ და ვიცოდეთ, რა ხდება კონკრეტულად, რისი კანონიერი უფლებაც გვაქვს. ძალიან საოცარი ფაქტია, რომ პირი ამ სისხლის სამართლის საქმეზე, დღეის მდგომარეობით, დაზარალებულად არ არის ცნობილი. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური ეჭვი, ხომ არ სურს პროკურატურას, დაგვიმალოს საქმის მასალები, არ მოგვცეს საშუალება ხელოვნურად, რომ გავეცნოთ მას", - თქვა ლევან სამუშიამ.

ცნობისათვის, თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი 2016 წლის 26 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღით საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოზე დაჭრეს. შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. 8 მარტს პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით ლევან მექვაბიშვილი დააკავეს.

კომენტარები