თბილისის მეტროპოლიტენი

თბილისის სატრანსპორტო კომპანია: მეტროს თანამშრომლების მიმართვას განვიხილავთ

შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილის მიერ დღეს გამართულ აქციას ეხმაურება. კომპანია აცხადებს, რომ ხელფასის მატების შესახებ თანამშრომლების მიმართვას განიხილავს და პასუხს "გონივრულ ვადაში" აცნობებს.

"გარკვეული მოთხოვნებით მოგვმართა მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებმა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013"-ის წევრებმა. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომელთა მოთხოვნები, ძირითადად, შრომის ანაზღაურების მატებას შეეხებოდა, რაც დღევანდელ აქციაზეც გააჟღერეს.

ჩვენთვისს მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი და ვაფასებთ წლების განმავლობაში მათ მიერ გაწეულ შრომას, როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის", ასევე, დედაქალაქის და მისი მცხოვრებლების წინაშე, გამომდინარე იქიდან, რომ მეტროს გამართულ მუშაობას ქალაქისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" განიხილავს მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013"-ის მიმართვას მერიის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში და მიმართვის ავტორებს გონივრულ ვადაში აცნობებს კომპანიის პოზიციას თანამშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით.

ამასთან, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ითვალისწინებს რა დასაქმებულთა პროფესიონალიზმს, მრავალწლიან თანამშრომლობასა და საკუთარი საქმის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას, იმედს გამოთქვამს, რომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში და არ შეფერხდება თბილისის მეტროს მუშაობა" - ნათქვამია განცხადებაში.

მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ისინი ხელფასების გადახედვას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა თბილისის სატრანსპორტო სამსახურს და თბილისის მერიას განცხადებით მიმართეს.

თბილისის მერის განცხადებით, "ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ გვაქვს, ვინაიდან წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსების ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. ხელფასები შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს".

კომენტარები