სტრასბურგის სასამართლო

იუსტიციის სამინისტრო გიორგი პაპუაშვილის კონკურსში მიღებულ შედეგებს აქვეყნებს

იუსტიციის სამინისტრო გიორგი პაპუაშვილის კონკურსში მიღებულ შედეგებს აქვეყნებს და მოუწოდებს მას, კიდევ ერთხელ გაეცნოს "ამ ინდივიდუალურ შეფასებებს და საშუალო ჯამურ ქულას, რომელიც სამთავრობო კომისიის სრულმა შემადგენლობამ 2016 წლის 28 თებერვალს ერთსულოვნად დაამტკიცა".

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და იმ უსაფუძვლო თავდასხმების საპასუხოდ, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი გიორგი პაპუაშვილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ ახორციელებს (საუბარია, განგებ ხელის შეშლაზე გამხდარიყო სტრასბურგში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლის კანდიდატი), იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს სამთავრობო კომისიის თითოეული წევრის მიერ გიორგი პაპუაშვილისათვის მიკუთვნებულ ქულებს. აქვე განვმარტავთ, რომ მაქსიმალური ქულა იყო - 5.

თეა წულუკიანი - 0,5
ხათუნა თოთლაძე - 1
შალვა თადუმაძე - 0
მამუკა ვასაძე - 1
ეკა ბესელია - 2
ვახტანგ ხმალაძე - 4.5
მზია თოდუა - 2
უჩა ნანუაშვილი - 2.5
ზაზა ხატიაშვილი - 2
ირაკლი ბურდული - 3
ანა ნაცვლიშვილი - 2
საშუალო ქულა - 1.86", - წერია უწყების მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

სამთავრობო კომისიაში შედიოდნენ: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა; საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული; კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" − წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.

საქართველოში სამთავრობო კომისიამ სტრასბურგის მოსამართლეობის ხუთი კანდიდატი - ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე შეარჩია. მთავრობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მათგან სამ პირს აირჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად.

კომენტარები