თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსეთის ელჩმა ეუთოში მას უთხრა, რომ 2016 წლის ოქტომბერში ის მინისტრი აღარ იქნება, რადგან ხელისუფლება შეიცვლება პრორუსული ორიენტაციის სასარგებლოდ. ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ხიდაშელმა თქვა, რომ მისი მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნით ენმ-სა და პრორუსულ ძალებს თავგზა აებნათ.
"ნაციონალურ მოძრაობას ტვინი აერია იმით, რომ მე გავხდი თავდაცვის მინისტრი და დღემდე ვერ ეგუებიან ამას. მათ ეგონათ (მართალია არგუმენტი არ ჰქონიათ), რომ არგუმენტი გაუჩნდათ თავისუფალი დემოკრატების წასვლის შემდეგ, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროდან. უცბად აღმოჩნდნენ ხელცარიელები", - განაცხადა ხიდაშელმა. მისივე თქმით, ასევე "ტვინი აერიათ და დაებინდათ" პრორუსულ ძალებს ქვეყანაში.
"მე გასულ კვირას ეუთოში ვიყავი და რუსეთის ელჩმა, სრულიად პირდაპირ, ღია სხდომაზე, 56 ელჩის თანდასწრებით და თანამონაწილეობით, ძალიან მარტივი რაღაცები მითხრა. მან თქვა, რომ მე ძალიან ხშირად ვსაუბრობ NATO-ში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს. მან თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე (პირდაპირ ასე ილაპარაკა) ვართ ძალიან დიდი პრობლემა რუსეთისთვის. მან ეს ღიად თქვა, ღია სხდომაზე. იმიტომ, რომ ძალიან გამოკვეთილია ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებებისადმი ჩვენი ერთგულება და რომ რუსეთისთვის ეს არ არის მისაღები.
შემდეგ მან თქვა, რომ მე ოქტომბრის შემდეგ აღარ ვიქნები ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ მან ზუსტად იცის, რომ რუსეთის სწორი და ჭკვიანური მოქმედებების გამო საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება იმ ორიენტაციის სასარგებლოდ, რომელიც მათ უნდათ. ახლა გასაგებია, ეს ადამიანები, ვიღაცას მეტი ინტელექტი აქვს და ვიღაცას ნაკლები. ვიღაც ახერხებს ისე თქვას, რომ პირდაპირ ხელი ვერ დაადო რომ რუსი ხარ და ვიღაც ამას ვერ ახერხებს", - განაცხადა ხიდაშელმა.





