ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობისთვის ექვსი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი, 1 013 390 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისთვის, ექვს პირს ბრალი წარუდგინა.  

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - მარიამ ძულიაშვილი, მარინე ნადირაძე, ანა მაღრაძე და ცისანა გაბუნია დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ყოფილ უფროსთან, შოთა დიდებაშვილთან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის ყოფილ უფროს, კახაბერ ქარელთან. 2001-2006 წლებში, საჯარო მოხელეთა დახმარებით, ბრალდებულებმა შეადგინეს უძრავი ქონების შეძენის ყალბი ოქმები და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, შემდგომში კი უძრავი ქონება ეტაპობრივად გაყიდეს სხვადასხვა პირებზე", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ ყველა მათგანი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით (თაღლითობა ჯგუფის მიერ), ასევე 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).

კომენტარები