რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობისას სამი პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე 1979 წელს დაბადებული მირიან ბ, 1971 წელს დაბადებული კონსტანტინე ბ. და 1976 წელს დაბადებული იოსებ ჩ. დააკავეს. სუს-ის ცნობით, ბრალდებულები თბილისში, რადიოაქტიული ნივთიერება ცეზიუმ 137 - ის გასხვისებას 100 000 აშშ დოლარად აპირებდნენ.

"ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. ამოღებულია რადიოაქტიული ნივთიერება ცეზიუმ 137. გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა განკარგვის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ქ. თბილისში უკანონოდ, დადგენილი წესების დაუცველად, შეინახეს რადიოაქტიური ნივთიერება - ელემენტ ცეზიუმის რადიოაქტიური იზოტოპი Cs137 (ცეზიუმ 137). აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს ბირთვული რეაქციის პროდუქტს და რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრის და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, საქმეზე ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის", - აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები