სასამართლო სისტემა

გვენეტაძე: გაუგებარია, ახვლედიანის განცხადება კომუნიკაციის არარსებობის თაობაზე

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის გუშინდელ ბრიფინგთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს. მისთვის გაუგებარია, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება კომუნიკაციის არარსებობის თაობაზე. გვენეტაძის მტკიცებით, ის ახვლედიანს რამდენჯერმე შეხვდა და სატელეფონო საუბარიც ჰქონდა.

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის არჩევიდან პირველივე კვირას - 2015 წლის 27 მარტს, უზენაესმა სასამართლომ უმასპინძლა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებსა და მოსამართლეებს. მორიგი შეხვედრა, ასევე, მამუკა ახვლედიანის მონაწილეობით, შედგა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სარეფორმო წინადადებებზე კომუნიკაცია გაგრძელდა როგორც ელექტრონული მიმოწერით, ისე საჯარო შეხვედრებითა და სატელეფონო კავშირით. აღნიშნული აქტივობების შემდეგ, სასამართლოების, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლები, დავალების ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობენ სასამართლო ხელისუფლებაში ელექტრონული წარმოების დანერგვისა და შემდგომი განვითარების საკითხებზე. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ყველა შემდგომ ეტაპზე მონაწილეობდა ელექტრონული საქმისწარმეობის თაობაზე უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრებსა და ფორუმებში, აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, ასევე, უშუალოდ ჰქონდა კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ნინო გვენეტაძესთან.

15 მაისს, ნინო გვენეტაძე პირადად ეწვია თბილისის საქალაქო სასამართლოს, კოლეგებისათვის მოსამართლის დღის მისალოცად და მათთან აქტუალურ საკითხებზე, მართლმსაჯულების განვითარების ხედვებსა და პრობლემებზე ერთობლივი მსჯელობისათვის. მამუკა ახვლედიანი უძღვებოდა სასამართლოს სამივე კოლეგიის მოსამართლეებთან შეხვედრებს, რომლებიც თემატურად წარიმართა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებებით. საუბარი შეეხო მოსამართლეთა დატვირთვასა და საქმეთა მზარდ ნაკადებს, ასევე, არასაკმარის ინფრასტრუქტურას, სასამართლო დარბაზების რაოდენობის გაზრდას, აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობის მომატებას. გარდა ამისა, იმავე დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანის თანხლებით, დაათვალიერა სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები, მოინახულა მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო ოთახები, გაესაუბრა მათ. დაათვალიერა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია. შემდგომ, ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანს უზენაეს სასამართლოში შეხვდა საქალაქო სასამართლოს შენობისა და ფართის გაზრდის საკითხის თაობაზე. ასეთივე შეხვედრა შედგა მოწმეთა დაკითხვის წესის საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში სისხლის კოლეგიის მოსამართლეებთან. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად, კიდევ ერთხელ დათვალიერდა სასამართლო შემოგარენი, დამატებითი ტერიტორიის მოძიებისა და სასამართლოს ახალი კორპუსის მშენებლობის მიზნით" - აცხადებს გვენეტაძე და აღნიშნავს, რომ "გაუგებარია, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება სატელეფონო კომუნიკაციის არარსებობის თაობაზეც. სასამართლოში ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, სატელეფონო კომუნიკაცია რამდენჯერმე შედგა უშუალოდ მამუკა ახვლედიანთან, რაც გამორიცხავს იმის მტკიცებას, რომ მისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ტელეფონის ნომერიც კი უცნობია".

კომენტარები