ახალი მთავრობა

ვოლსკი: ხვალ, პრემიერობის კანდიდატად კვირიკაშვილს ღარიბაშვილი წარმოგვიდგენს

გია ვოლსკი
ტაბულა

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მეორე არხზე, გადაცემა არგუმენტების დროში განაცხადა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება. ვოლსკის თქმით, კვირიკაშვილის კანდიდატურას თავად პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს

"დღეს ვიმსჯელეთ უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ფრაქციის წარმომადგენლებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიცესპიკერებმა, კარგა ხანს გვქონდა ბჭობა კანდიდატებთან დაკავშირებით და ჩვენი აზრი მოვახსენეთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ძალიან ადვილად და ძალიან პოზიტიურად დაგვეთანხმა. გვქონდა თუ არა ლაპარაკი ბიძინა ივანიშვილთან? დიახ, გვქონდა ამასთან დაკავშირებით... გიორგიზე შევთანხმდით, ოთხ კანდიდატურაზე იყო ლაპარაკი, ერთ კანდიდატურაზე ჩამოვყალიბდით. გიორგი კვირიკაშვილს ხვალ უმრავლესობაში მოიყვანს პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი და წარმოგვიდგენს. ხვალ, 10 საათზე, პარლამენტის შენობაში, თბილისში, უმრავლესობა შეთანხმებულია, განწყობა არის პოზიტიური"– განაცხადა ვოლსკიმ.

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა გუშინ საღამოს დატოვა. ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 2 ნოემბერს წარადგინა. გასული ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად საუბრობდნენ საქართველოში არაფორმალურ მმართველობაზე. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილისგან რჩევების მიღებას არც ღარიბაშვილი უარყოფდა.

პრემიერის გადადგომის შემდეგ, ძალამ, რომელსაც აქვს უმრავლესობა პარლამენტში, შვიდი დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი. ახალი კანდიდატი წარადგენს მთავრობის ახალ შემადგენლობასა და ახალ პროგრამას. ამის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ პრემიერმინისტრობის კანდიდატურას, ხოლო პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურებს, რის შემდეგაც პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სავარაუდოდ, პარლამენტი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებს ახალ წლამდე მოახერხებს.

კომენტარები