აბრეშუმის გზა

თბილისში ჩინეთიდან წამოსული პირველი სატრანზიტო მატარებელი ჩამოვიდა

თბილისში ჩინეთიდან წამოსული პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა. საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აბრეშუმის გზის ამოქმედებით, საქართველოს იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში აკისრია. პრემიერის თქმითვე, ეს პროექტი ჩვენს ქვეყანაში მოიტანს მეტ ინვესტიციას, მეტ სტაბილურობას, მეტ დასაქმებას და კეთილდღეობას.

"ჩვენ დღეს ვიწყებთ რეალური წვლილის შეტანას საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის  უზრუნველსაყოფად. მოგეხსენებათ, რომ საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის გზა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ევროპას და აზიას. ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის იდეა ჩინეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. ჩვენ ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა ორი წლის წინ, მაშინ მე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას  გამოვედი ინიციატივით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროექტში და სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ოქტომბერში წელს პირველად ჩავატარეთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. მე გახლდით ვიზიტით ჩინეთში რამდენიმე თვის წინ. სადაც, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის დაიწყებოდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და სწორედ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო ჩინეთში, სადაც მან ოფიციალურად ხელი მოაწერა აღნიშნული მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მემორანდუმს. ხოლო აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვაწარმოოთ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ბევრად უფრო სწრაფად და იაფად. ჩვენი ქვეყანა ამ უმოკლესი მარშრუტის ნაწილს წარმოადგენს და ეს მარშრუტი ჩვენ გვაძლევს დამატებით შანსს, რომ გავხდეთ მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების ერთ-ერთი მნშვნელოვანი მონაწილე. მე მჯერა, რომ ეს პროექტი ჩვენს ქვეყანაში მოიტანს მეტ ინვესტიციას, მეტ სტაბილურობას, მეტ დასაქმებას და კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის."-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები