რუბლი

ნავთობის ფასების ვარდნის გამო რუსული რუბლი კიდევ გაუფასურდა

Andrey Rudakov / Bloomberg

რუსული რუბლი დოლართან მიმართებით გასული სამი თვის მინიმუმამდე 68.9-მდე შემცირდა. რუბლის ვარდნის მიზეზი ნავთობის ფასების შემცირებაა, 8 დეკემბრის მდგომარეობით ნავთობის საერთაშორისო ინდექსები გასული 6 წლის მინიმუმამდე არის დასული. ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება ამ დროისთვის $37.59-ს შეადგენს. 

რუსეთის ფედერაციის საბიუჯეტო შემოსავლები ნავთობზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რადგანაც უმსხვილესი ნავთობკომპანიები, როგორიცაა: RosneftGazpromTRANSNEFT, სახელმწიფოს საკუთრებაშია და მათი შემოსავლებით პირდაპირ ბიუჯეტის დაფინანსება ხდება. 

ნავთობის ფასების ვარდნა დეკემბერში გამართულ OPEC-ის სამიტს უკავშირდება, რომელზეც გადაწყდა, რომ ორგანიზაცია ნავთობის მოპოვებას არ შეამცირებს. OPEC-ი ნავთობექსპორტიორი ქვეყნების უმსხვილესი გაერთიანებაა, რომელშიც 12 მსხვილი მომპოვებელი არის გაწევრიანებული. ორგანიზაცია მსოფლიო ბაზრის ერთ მესამედს აკონტროლებს, რის გამოც მათ ნავთობის ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

ნავთობის ფასის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი მსხვილი მწარმოებლების, როგორიცაა: OPEC-ი, აშშ და რუსეთი, დაპირისპირებაა უფრო დიდი საბაზრო წილის მოსაპოვებლად. ამ დროისთვის ყველაზე მეტ ნავთობს საუდის არაბეთი მოიპოვებს და მას საკუთარი ეკონომიკისთვის ნაკლებად მოგებიან ფასად ყიდის. ანალიტიკოსების შეფასებით, ამის მიზეზი პირველ რიგში ამერიკული ფიქლის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიის ჩაძირვაა, რადგანაც ამ მეთოდით ნავთობის მოპოვება აშშ-ში საშუალოდ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე იაფი არაბული ნავთობის მოპოვება. დაბალი ფასების პირობებში კი ინვესტორებს ფიქლის ნავთობისა და გაზის მოპოვების ინიციატივა შეუმცირდებათ და აშშ-ში მოპოვება შემცირდება, რასაც ნავთობის გაძვირება მოჰყვება.

ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში ნავთობის მოპოვების თვითღირებულება ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგალითად, რუსეთში, ირანსა და ვენესუელაში მისი მოპოვება შედარებით უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე საუდის არაბეთსა და ქუვეითში. ნავთობის ძვირადღირებული მომპოვებლებისთვის ფასების შემცირება საბიუჯეტო პრობლემებსა და ფინანსურ კრიზისს ნიშნავს. საბიუჯეტო შემოდინებების შემცირების გამო ვენესუელაში ფინანსური კრიზისი გაღრმავდა, ვენესუელის ინფლაციამ წელს უკვე 500%-ს გადააჭარბა, რაც სრულ ფინანსურ კრახს წარმოადგენს.

ნავთობის ფასების შემცირება მხოლოდ გაზრდილ მოპოვებას არ უკავშირდება, ჩინური ბირჟების ვარდნის გამო გაჩნდა მოლოდინები, რომ ჩინური ბაზარი მომავალში უფრო ნაკლებ ნავთობს მოიხმარს. განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენელდა, რაც ნედლეულის ფასებზე უარყოფითად აისახება. 

ნავთობზე ფასების კლება მსოფლიოს 1 მილიარდი ავტომფლობელისთვის კარგი სიახლეა, უკვე შემცირებულია ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები.

საქართველო ნედლი ნავთობის ფასზე პირდაპირ დამოკიდებული არ არის, რადგანაც ქვეყანაში მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ არსებობს, ამიტომაც მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები ქართულ ბაზარზე დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ აისახება.

კომენტარები