ტერორიზმი

ფრანგულმა ავიაგამანადგურებლებმა რაქაში ISIS-ის ობიექტები დაბომბეს

PA

საფრანგეთის საჰაერო ძალებმა სირიაში, ქალაქ რაქაში, ISIS-ის ობიექტები დაბომბეს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თქმით, ფრანგულმა თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს "ისლამური სახელმწიფოს" იარაღის საცავსა და ტერორისტების საწვრთნელ ბანაკზე. მისივე თქმით, თორმეტმა თვითმფრინავმა ოცი ჭურვით ყველა სამიზნე გაანადგურა.

CNN წერს, რომ ISIS-ის განცხადებით, მათ ობიექტები დატოვებული ჰქონდათ და მსხვერპლი არ ყოფილა.

ISIS რაქას ე.წ. ხალიფატის დედაქალაქად მოიხსენიებს. ფრანგულმა ავიაგამანადგურებლებმა ობიექტები მას შემდეგ დაბომბეს, რაც ორი დღის წინ ტერორისტებმა პარიზში ტერაქტი მოაწყვეს. საფრანგეთის დედაქალაქში რამდენიმე ადგილას ერთდროულად განხორციელებულ ტერაქტს 129 ადამიანი ემსხვერპლა, 352 კი, დაიჭრა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა და ტერაქტებს "ომის აქტი" უწოდა. 

კომენტარები