რუსთავი 2-ის საქმე

ნაცვლიშვილი: არანაირი კონსულტაცია დვალთან და აქიმიძესთან არ მქონია

ანა ნაცვლიშვილი
თეორემა/ტაბულა

საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ნებისმიერი სახის კონსულტაციასა თუ რჩევის მიცემას უარყოფს. მისი თქმით, ერთადერთი, რასაც მათ დაჰპირდა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაში დახმარებაა.

"მეც და ჩემი მეგობრების გარკვეულ ნაწილსაც დარჩათ შთაბეჭდილება, რომ თითქოს ჩემთან იყო საფუძვლიანი კონსულტაციები, ან მე გავაკეთე რაიმე რჩევის მსგავსი, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ამ შემთხვევაში. ეს ასე არ ყოფილა. ამ პროცესში ჩვენ არ ვართ მხარე. სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არის გარკვეული მცდელობები, საია იქცეს მხარედ. დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრა შედგა და მხოლოდ ერთი, რაც დავპირდი, ერთადერთი, რაზეც შევთანხმდით, იყო - უახლოეს დღეებში იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან მათი შეხვედრა", - თქვა ნაცვლიშვილმა.

როგორც ჯარჯი აქიმიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა მას და დავით დვალს პირობა მისცა, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებს კონტროლზე აიყვანს, რათა საზოგადოებრივი აზრი არ გამძაფრდეს.

"მე და დათოს გუშინ საუბარი გვქონდა საია-ს ხელმძღვანელთან ქალბატონ ანასთან. ჩვენ მას დახმარება ვთხოვეთ და ვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტიურად ჩაერიონ ამ პროცესში, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მაქსიმალურად გამძაფრება. ეს საკითხი ძალიან სენსიტიური და რთულია, რადგან ეხება მედიას. აქედან გამომდინარე, არასამთავრობოების პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩაერიონ ამ საკითხში, რათა დაარეგულირონ მძიმე მდგომარეობა, რომელიც დღეს არსებობს რუსთავი 2-თან დაკავშირებით. მან აღგვითქვა დახმარება და მზადყოფნა გამოთქვა, რომ გაფართოებულ რეჟიმში ყურადღება მიაქციონ, კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული სიტუაცია მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთებთ ამ განცხადებას", - თქვა ჯარჯი აქიმიძემ.

კომენტარები