იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, არავის აქვს უფლება, მოსამართლეს განმარტება მოსთხოვოს. თუმცა, მისი განცხადებით, კითხვებზე პასუხის გაცემა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია. მინისტრის თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ასევე უნდა აჩვენოს საზოგადოებას, რომ შესწევს უნარი, "დაიცვას მოსამართლე შეურაცხყოფისგან".
"მე განმარტებას არ ვთხოვ ბატონ ურთმელიძეს, რადგან არავის აქვს უფლება, განმარტება მოსთხოვოს მოსამართლეს. მე ვთქვი ერთი რამ, რომ მაინტერესებს-მეთქი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორშაბათის სხდომაზე რას იტყვის თავად. იუსტიციის უმაღლესი საბჭო გახლავთ მენეჯერი ორგანო მართლმსაჯულების სისტემის და თუკი არის რაიმე ხარვეზი მართლმსაჯულებაში, მან უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებას, თუ როგორ ხდება მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა, არის თუ არა რაიმე ტიპის პრაქტიკული ხარვეზი, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება და მეორე მხარე საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნების შედეგად გებულობს ამას და ა.შ. რაც ამ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულების ნაწილში კითხვები დაისვა, ამ კითხვებს, ორგანიზაციულს თუ სხვა პრაქტიკულ კითხვებს, პასუხები უნდა გასცეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ასევე უნდა აჩვენოს საზოგადოებას, რომ მას შესწევს უნარი, დაიცვას მოსამართლე შეურაცხყოფისა და მუქარისაგან და ა.შ. ასე რომ, განმარტების მოთხოვნის უფლება არავის აქვს მოსამართლისგან, მაგრამ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებას თავისი მოსაზრებები და მომავლის ხედვაც უნდა უთხრას მსგავს მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე, როგორ აპირებს მართლმსაჯულების უკეთესად ადმინისტრირებას. ამას ეხება საქმე და არა იმას, თუ ასეთი გადაწყვეტილება თუ ისეთი რატომ მიიღო მოსამართლემ", - თქვა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ მოსამართლე თავისმა მენეჯერმა ორგანომ - იუსტიციის უმაღლესი საბჭომ უნდა დაიცვას.
"იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, ამ კითხვებზე პასუხი გასცეს. მე მასთან მქონდა კითხვები სწორედ, რომ როგორ ხდება მართლმსაჯულების ადმინისტრირება ისე, რომ მეორე მხარემ არ იცის გადაწყვეტილების შესახებ. არის ეს რაიმე სისტემური პრობლემა მართლმსაჯულებაში თუ - არა. ამაზე უნდა იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და ეს ვთქვი სწორედ, რომ ორშაბათის სხდომაზე ალბათ ამაზე იმსჯელებენ და მე ამას ველოდები-მეთქი, მათ შორის, ხარვეზია ისიც, როდესაც აგინებენ, ლანძღავენ, ემუქრებიან მოსამართლეს. ის უნდა იყოს დაცული თავისი მენეჯერი ორგანოსგან, როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ესეც ვთქვი, რომ ორშაბათის სხდომაზე ველოდები, რას იტყვის მართლმსაჯულების ხელმძღვანელი ამის შესახებ, რას იტყვის ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც მოსამართლეების დამცველადაც უნდა გვევლინებოდეს", - განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა. მან საბჭოს წევრებს წერილი მისწერა, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ სხდომაზე წაიკითხა. ურთმელიძე წერილში განმარტავს, რომ არდასწრების მიზეზი სასამართლოს რეპუტაციაზე ზრუნვაა. მისი თქმით, "კონკრეტული საქმის გამო სხდომაზე წარდგომა დატოვებს ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიურის განმეორების სახიფათო პრეცედენტს. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები და არ გამოვცხადდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე".
თამაზ ურთმელიძესთან შეხვედრის სურვილი ნინო გვენეტაძემ რამდენიმე დღის წინ გამოთქვა.
როგორც ცნობილია, თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერების შემდეგ ურთმელიძეს გადაწყვეტილების მაშინვე აღსრულებაზე გადაცემა არ შეეძლო. თუმცა, მან მაინც გამოსცა განჩინება და არხს "დროებითი მმართველები" დაუნიშნა.





