რუსთავი 2-ის საქმე

ბესელია აღსრულებაზე: არ მიგვაჩნია, რომ ძალისმიერი მოქმედებები უნდა გამოვიყენოთ

ტაბულა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმდჯომარის, ეკა ბესელიას თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. მაესტროს შეკითხვაზე, განაჩენის ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოტანის შემთხვევაში, გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება გადაწყვეტილების აღსასრულებლად ძალას, ბესელიამ უპასუხა, რომ ძალისმიერი მოქმედებების გამოყენება საჭიროდ არ მიაჩნია. 

"ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ძალისმიერი მოქმედებები. პირიქით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ დაცულად თავი," - განმარტა ბესელიამ მაესტროს ეთერში.

მისივე თქმით, ყველა ვინც აცხადებს, რომ არ დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვტილებას, არღვევს კანონს და შესაბამისად დაისჯება.

"ყველა მსგავსი განცხადება შეიცავს კანონსაწინააღმდეგო განზრახვას. ასეთი განცხადებების გაკეთება არის სახიფათო... თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპრიორი ამბობ, რომ არ დაემორჩილები, განსაკუთრებით ეს ეხება პროცესის მონაწილე პირებს, მაშინ მე მაინტერესებს, რატომ დადიან ეს ადამიანები სასამართლო პროცესზე?.. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი პირდაპირ ამბობს, მე კანონს დავარღვევო. თუ კანონს დაარღვევს, კანონზე მაღლა სახელმწიფოში, სადაც დემოკრატიულ ინსტიტუტებს პატვის სცემენ, არავინ კანონზე მაღლა არ უნდა დადგეს," - აღნიშნა ბესელიამ.

კომენტარები