ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული პროცესების გამო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმდინარე კვირას საპარლამენტო სხდომებს არ დაესწრება. შესაბამისი განცხადებით საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს უკვე მიმართა.
"ქვეყანაში მიმდინარეობს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. საფრთხის ქვეშაა და იზღუდება სიტყვის თავისუფლება, რაზეც ნათლად მეტყველებს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმცირესობა გეგმავს, მიადევნოს თვალი და აქტიურად იყოს ჩართული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში. აქვე აღვნიშნავთ, რომ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესები დანიშნულია მიმდინარე წლის 28 და 30 ოქტომბერს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკური შეხედულების გამო უარს ვაცხადებთ მიმდინარე კვირის (26-30 ოქტომბრის) პლენარულ სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენებზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე" - ნათქვამია უმცირესობის ლიდერის განცხადებაში.





