რუსთავი 2-ის საქმე

ბადრიძე: ამ ხელისუფლების ამოცანა ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევაა

თეორემა/ტაბულა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტის გიორგი ბადრიძის თქმით, მისთვის ნათელია, რომ ამ ხელისუფლების ამოცანა ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევაა. ამის შესახებ ბადრიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ისაუბრა.

"მე მინდა მივმართო საზოგადოების ერთ ნაწილს, არა რუსთავი ორის მხარდამჭერებს. მე მგონი მათთვის ნათელია, რომ დღეს მათი აქტიურობის გარეშე, იქ დგომის გარეშე, სადაც აუცილებელია, ჩვენი ქვეყნის მომავალი საფრთხეშია. მე არ მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რადგან ამ სამი წლის განმავლობაში ჩემთვის ყველანაირი იმედი გაქრა იმისა, რომ ის ნაბიჯები, რომელიც ამ ხელისუფლებამ გადადგა ჩვენი დასავლური არჩევანის დასასუტებლად, მისი კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად, არის შეცდომების გარკვეული ჯაჭვი. ჩემთვის დღეს უკვე ნათელია, რომ ამ ხელისუფლების, ყოველშემთხვევაში მისი რეალური მფლობელის, ამოცანა არის გადახვევა ამ კურსიდან. მე მინდა მივმართო დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერებს, როდესაც თქვენ ხმას აძლევდით ქართულ ოცნებას,  განა თქვენ უკეთეს მომავალს არ აძლევდით  ხმას, თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. განა თქვენ იმის პროტესტის ნიშნად არ აძლევდით ხმას ქართულ ოცნებას, რაც თქვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს არ მოგწონდათ. როგორ შეიძლება დღეს თქვენ მოგწონდეთ ის რაც არ მოგწონდათ მაშინ?!  მითუმეტეს, რომ მაშინ  ჩვენი ქვეყნის კურსი მაინც არ იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ. დღეს აღარ შეიძლება გონიერ ადამიანს დარჩეს ეჭვი, რომ ეს კურსი აღარ არის პროდასავლური, რომ ჩვენ ასე სულ მალე, შეიძლება ხვალიდანვე გარანტირებულად გავხდეთ რუსეთის პროვინცია, ეს გინდათ, გაწყობთ?!"-განაცხადა ბადრიძემ.

ბადრიძე ქართული ოცნების მხარდამჭერებს და ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ დადგნენ რუსთავი 2-ის გვერდით, თუ უნდათ, რომ ქვეყნის მომავალი ეჭვის ქვეშ არ დადგეს, თუ უნდათ, რომ ქვეყნამ არ გადაუხვიოს ევროპული გზიდან.

"ყველაფერი დანარჩენი ხელისუფლებამ გაგიკეთათ, რასაც გპირდებოდათ?! თქვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა?! დემოკრატიაზე შეტევას რომ პატიობთ?!  თქვენც უნდა შეუერთდეთ, როგორც არ უნდა არ მოგწონდეთ რუსთავი 2 და არ მოგწონდეთ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც გგონიათ რომ რუსთავი 2 წარმოადგენს. თუ თქვენ გინდათ თქვენი ქვეყნის მომავალი არ დადგეს დიდი ეჭვის ქვეშ, თუ გინდათ, რომ არ დავბრუნდეთ 90-იანების დასაწყისში ხვალ თქვენც უნდა გამოხვიდეთ, თქვენც უნდა უთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ იქით არ გინდათ, არ გინდათ რუსეთში, გაჭირვებაში. არა მხოლოდ დემოკრატიის და რაღაც მაღალი იდეალების საკითხია, ჩვენი ნორმალური მომავლის საკითხია, სიცივის, სიბნელის. თქვენ, ისევ და ისევ თქვენ ბრიყვებად გთვლიან გეუბნებიან რომ გაზპრომი იმისთვის გვჭირდება, რომ თურმე აზერბაიჯანული გაზი არ გვყოფნის. ეს მაინც არ გაფიქრებთ?! არ იყო საკმარისი 90-იანი წლები იმისათვის, რომ გვესწავლა ჩვენს შეცდომებზე?! არ იყო საკმარისი ის 9 წელი თქვენ რომ სისიხლიანს ეძახით, რომ ისეთივე შეცდომები რაც მაშინ დავუშვათ აღარ დავუშვათ ახლა? დღეს არის ეს მომენტი, როდესაც არა იმდენად რუსთავი 2-ის დამცველებზე, რამდენადაც თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. გამოდით და თქვით, რომ თქვენ არ გინდათ ევროპის გზიდან გადახვევა, რომ არ გინდათ უკან რუსეთში."-განაცხადა ბადრიძემ.

კომენტარები