რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ თავი არ აიცილა

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ თავი არ აიცილა. საქმის განხილვას ის გააგრძელებს. გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ სასამართლო დარბაზში გამოაცხადა.

"მოგახსენებთ რომ შუამდგომლობა აცილების თაობაზე არ იქნება დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო.

მეუღლის განცხადებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მე მოგახსენებთ, რომ მხარე ვალდებულია არამარტო მისი სასარგებლო, არამედ საწინააღმდეგო მტკიცებულებებიც წარმოადგინოს. დღეს ჩვენ ეს ვერ ვნახეთ. წარმოდგენილია მხოლოდ კომენტარები, მაგრამ რაზე იყო ეს კომენტარები გაკეთებული, რაზე იყო რეაქცია, ეს არ ჩანს. ამიტომ, შეუძლებელია გარკვევა იმისა, რამდენად იყო მიკერძოებული, ან რა პოზიცია ჰქონდა მირანდა გურგენიძეს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც, სავარაუდოდ, იყო ჩემი მეუღლის რეაქცია, გახლავთ შემდეგი - ბატონმა ნიკა გვარამიამ თავის საჯარო გამოსვლაში მოსამართლეს უწოდა კორუმპირებული, რომელმაც თვითმკვლელობას მოაწერა ხელი; საშუალებას არ მისცემს ბატონი ნიკა გვარამია მოსამართელს, ის დარჩეს საქართველოში, დარჩეს პროფესიაში და რომ მას ფეხქვეშ მიწა დაეწვება და ა.შ. სავარაუდოდ, ამ საკითხზე იყო მეუღლის რექცია. მიუხედავად ამისა, მე მოგახსენებთ, რომ არ იყო ეს განცხადება ჩემთან შეთანხმებული. მის თვალსაზრისს ამ კუთხით მე არ ვიზიარებ და, გარდა ამისა, ის არ არის შეზღუდული პროფესიული ეთიკის წესებით. თუ რამე კონკრეტული საკითხი არის მირანდა გურგენიძესთან დაკავშირებით, მისი გამოთქმები ვინმეს შეურაცხყოფს ან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით რაიმე პრობლემა არსებობს, შეგიძლიათ, მიმართოთ შესაბამის სამსახურს. ერთი პოსტი უშუალოდ ბატონ ნიკა გვარამიას. მას საერთო არ აქვს რუსთავი 2-თან, ხოლო დანარჩენ ნაწილზე, რომელიც იქნა ასევე გამოქვეყნებული, არ არის დადგენილი, თუ რასთან დაკავშირებით იყო ეს, ვისთან მიმართებაში ავრცელებდა აღნიშნულ მოსაზრებებს მირანდა გურგენიძე - ანუ შეუძლებელია ამის შეფასება. როგორც ბატონი ნიკა გვარამია პროცესზე აცხადებდა, ის სპეციალურად ამწვავებდა მოსამართლესთან ურთერთობას, რომ გამოეწვია შესაბამისი რეაქცია, რაც აცილების საფუძველი გახდებოდა. ამიტომ, ყველა ის საფუძველი, რომელიც დღეს არის მოხმობილი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ტალღზეა გაკეთებული და არ არსებობს ოფიციალური სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლე იქნეს აცილებული მირანდა გურგენიძის განცხადებასთან დაკავშირებით", - თქვა ურთმელიძემ.

მოსამართლემ პროცესზე დედამისთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი - "მე მინდა, გითხრათ, ქალბატონი მდინარა გიორგობიანი არ ითვლება ჩემი ოჯახის წევრად. თავიდანვე დისტანცირებული ვიყავი ამ სამართლებრივი პროცედურებიდან, ეს ჩანს იქიდანაც, რომ ორი წელია, მიმდინარეობს პროცედურები. არ ჩართულა საქმეში არც ადვოკატი, არც რაიმე შემაჯერებელი გადაწყვეტილება არავის მოუთხოვია პროკურატურისგან. მე არ გახლავართ სისხლის სამართლის სპეციალისტი, მივიღე ინფორმაცია ადვოკატისგან, რომ საქმე იყო მსუბუქი კატეგორიის. სილაქაძის პერმანენტული შეურაცხყოფების ნიადაგზე მოხდა ქცევა და ეს პროცესი უახლოეს ხანებში უნდა დასრულებულიყო განრიდების ინსტიტუტის საშუალებით. შესაბამისად, არ მქონდა არანაირი საფუძველი ეჭვი შემეტანა ამაში. სიმართლე გითხრათ, დასრულებულიც მეგონა აღნიშნული საკითხი. საქმე გადაცემულია სასამართლოზე".

მოსამართლე ურთმელიძის აცილებაზე შუამდგომლობა რუთავი 2-ის ადვოკატებმა დააყენეს. მათ მტკიცებულებები წარმოადგინეს.

კომენტარები