შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: ბათუმში, ავტოავარიაში მონაწილე გამომძიებელი სამსახურიდან დავითხოვეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის დღევანდელ განცხადებას შსს გამოეხმაურა. სამინისტროს განმარტებით, 2015 წლის 5 სექტემბრის ავტოავარიაში მონაწილე უფროსი გამომძიებელი ზვიად ქედელიძე პოლიციიდან დაითხოვეს. ასევე, დისციპლინური სახდელი დააკისრეს შსს-ს კიდევ ორ თანამშრომელს.

"ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა ორი ავტომანქანა, რომელთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში იყო. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განახორციელეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა შსს-ს კუთვნილი ავტომანქანის მძღოლი ი.ანანიძე (როგორც შემთხვევის მონაწილეებმა განაცხადეს, საჭეს სწორედ აღნიშნული პირი მართავდა). შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთის რეგიონული განყოფილების უფროსი გამომძიებლის - ზ.ქედელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისციპლინურ გადაცდომას. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, (რაც გულისხმობს მოსამსახურისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს), 2015 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებით, ზ.ქედელიძე დათხოვნილი იქნა პოლიციის რიგებიდან. საყვედურის სახით დისციპლინური სახდელი დაეკისრათ პოლიციის თანამშრომლებს: შსს-ს კრიმინალური პოლიციის დასავლეთის რეგიონული განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ი.ანანიძეს და პატრულ-ინსპექტორ ბ.გოგიბერიძეს", - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ "ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გენერალური ინსპექციის რეაგირება იყო მყისიერი და ადეკვატური".

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს, "სხვადასხვა მედიით ინფორმაციის გავრცელებამდე, გადაამოწმონ ფაქტები შესაბამის უწყებაში, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა დეზინფორმაციის გავრცელების გზით".

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ქურდული სამყაროს გამოღვიძება და გაძლიერება დაიწყო.

"აჭარის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის განყოფილების უფროსი ზვიად ქედელიძე რესტორნიდან სამსახურებრივი მანქანით ბრუნდებოდა. საჯესთან თვითონ იჯდა, თანაც არაფხიზელ მდგომარეობაში. მთვრალს საჭე გაექცა და დაეჯახა შემხვედრ მანქანას. სანამ პატრული მოვიდოდა, ბატონმა ზვიადმა თავისი თანამშრომელი ირაკლი ანანიძე გამოიძახა და საჭესთან დასვა, ხოლო დაზარალებულებს მანქანის გაკეთებაზე შეუთანხმდა და ანანიძის ტელეფონი მისცა. ყველაფერმა თითქოს კარგად ჩაიარა, პატრული მოვიდა, აიღო ჩვენებები და წავიდა. თუმცა აქ ახალი პრობლემა წარმოიშვა - აღმოჩნდა, რომ დაზარალებულები ლავას-ოღლის "ბიჭები" იყვნენ. რამდენიმე დღეში ანანიძესთან სატელეფონო ზარი გაისმა და აღმოჩნდა, რომ მეორე მხარეს მინდია გორაძე იყო, რომელმაც "ბავშვებისთვის" ახალი მანქანა მოითხოვა. შედეგად მივიღეთ 90-იანი წლების პოლიციულ-კრიმინალური სამყაროს სიმბიოზი, რომელმაც უკვე გამოიღო ტრაგიკული შედეგი და კიდევ მოგვიტანს იმავე შედეგს, თუ არ მოხდება მკვეთრი რეაგირება და კრიმინალების თარეშის აღკვეთა", - თქვა გივი თარგამაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები