თელავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ბექა ა. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 23:50 სთ-ზე, თავის მართვის ქვეშ მყოფი, "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანით, თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე, სახლში მიაკითხა ყოფილ პოლიციელ ბექა აბულაძეს და ქუჩაში გასვლა სთხოვა. ბექა ა-მ, შურისძიების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 17 ჭრილობა მიაყენა ბექა აბულაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა აბულაძე ადგილზე გარდაიცვალა.
"ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულსა და გარდაცვლილ ბექა აბულაძეს 5 წლის წინ მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ბექა აბულაძის პოლიციურ საქმიანობას არ უკავშირდება - ბექა აბულაძემ ბექა ა-ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თელავის რაიონის სოფელ ოჟიოში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს",- იუწყება შსს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).





