სავალუტო კრიზისი

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო ლარი მცირედით გამყარდა

wikimedia.org

ეროვნული ვალუტა დღესაც გამყარდა. დოლართან მიმართებით ლარი დღეს 0.0011 თეთრით გამყარდა, შემდეგი სავალუტო აუქციონის შედეგების გამოცხადებამდე ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4075 ლარი იქნება. ევროს მიმართ კი ლარი 0.0039 თეთრით გამყარდა, ევროს ოფიციალური კურსი 2.684 ლარია. ლარი მეორე დღეა მყარდება, რაც სხვა მიზეზებთან ერთად ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასა და სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას უკავშირდება. რეფინანსირების განაკვეთით ეროვნული ბანკი ინფლაციის დონეს აკონტროლებს. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებაზე უარყოფითად აისახება. 

მთავრობა ლარის კურსის შემდეგომ გაუფასურებას არ ელის, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეფასებით, ის მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსზე ახდენდა უარყოფით გავლენას, სრულად ამოწურულია. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ამბობს, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება და ეს ყველასთვის ცნობილია. 

ეროვნულმა ბანკმა 22 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაიტანა, რომლიდანაც $26 მილიონი კომერციულმა ბანკებმა იყიდეს. სავალუტო აუქციონამდე ერთი დღით ადრე გამართული მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ სებ-ი სავალუტო ინტერვენციების განხორციელებისთვის მზად იყო.

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტის $455 მილიონით შემცირებასთან ერთად იმპორტი $561 მილიონით შემცირდა, იმპორტის შემცირება ექსპორტის შემცირებას წელს სრულად აბალანსებს. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები